Friday, November 24, 2017

განათლების მიზნების (ბლუმის) ტაქსონომია

ბენჯამენ ბლუმი, დოქტორი განათლების დარგში, 1940 წლიდან მოღვაწეობდა ჩიკაგოს უნივერსიტეტის ფაკულტეტზე. 1948 წლიდან ბლუმი ხელმძღვანელობდა განათლების ფსიქოლოგიის კომიტეტს, რომლის მიზანი იყო სასწავლო ქცევების კატეგორიების იდენტიფიკაციის სისტემის შემუშავება. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ბლუმმა მუშაობა სწავლის მიზნებისა და სწავლების შედეგების კლასიფიკაციის ისეთი სისტემის შექმნაზე, რომელიც გამოდგებოდა სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და ობიექტური შეფასებისათვის. 1956 წელს განათლების სპეციალისტთა ჯგუფმა,  ბენჯამინ ბლუმის ხელმძღვანელობით, შეიმუშავა ახალი სისტემა.ეს სისტემა ,,ბლუმის ტაქსონომიის’’ სახელწოდებით არის ცნობილი და ჩამოყალიბებულია ბლუმის და მისი თანამოაზრეების ცნობილ სამტომეულ ნაშრომში: ,,განათლების მიზნების ტაქსონომია’’
სიტყვა ,, ტაქსონომია’’ აღნიშნავს ქმედებას, რომელიც კლასიფიცირებას უკავშირდება. იგი წარმოდგება ბერძნული სიტყვებისაგან ტაქსის, რაც ნიშნავს წესრიგს, დალაგებას და ნომოს, რაც ნიშნავს კანონს, მეცნიერებას. ეს ქმედება (კლასიფიცირება) შესაძლოა დაკავშირებული იყოს როგორც რეალურ ობიექტებთან, ასევე ცნებებსა და იდეებთანაც. გარადა ამისა, იგი მოიცავს ამ პრინციპების აღწერასაც, რომლებსაც ეფუძნება ეს კლასიფიკაცია. კერძოდ განათლების სფეროში საკმაოდ გავრცელებული ტერმინი ბლუმის ტაქსონომია უკავშირდება სასწავლო მიზნების კლასიფიკაციას და ამ კლასიფიკაციის პრინციპების აღწერას. ამ პრინციპების მთავარი მიზანი იყო განათლების სპეციალისტებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება, სასწავლო კურიკულუმებისა და შეფასების სისტემების შექმნის ხელშწყობა.
ტაქსონომია არის კლასიფიკაციის პრინციპების საფუძველზე ჯგუფების, კატეგორიების გამოყოფის სისტემა. ბლუმის ტაქსონომია გულისხმობს სწავლის მეთოდისა და შეფასების კლასიკურ სტრუქტურას: ცოდნას, განწყობას, ჩვევებს. ეს მოდელი სასწავლო მიზნების, სწავლებისა და სწავლების შედეგების გაზომვის ეფექტური საშუალებაა. ბლუმის ტაქსონომია იძლევა დეტალურ სტრუქტურას სწავლების დაგეგმვის, სასწავლო მეთოდებისა და ტრენინგის ეფექტურობის შეფასებისათვის.
ბლუმის მიხედვით, განათლების მიზანი უნდა იყოს არა მხოლოდ ცოდნის დაგროვება - არამედ მაღალი დონის აზროვნების ფორმების ჩამოყალიბება.
ბლუმის ტაქსონომია ადამიანის აქტივობის სამ სფეროს აღწერს:
კოგნიტურს  (შემეცნებითს): ინტელექტუალური შესაძლებლობები, ცოდნა, აზროვნება.
აფექტურს  (ემოციურს): გრძნობები, ემოციები, განწყობები.
ფსიქომოტორულს:  ფიზიკური უნარები და ჩვევები.
სამივე სფეროში კატეგორიები იერარქიულადაა განლაგებული სირთულის მიხედვით. ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით ყოველ შემდეგ კატეგორიაზე გადასვლა შესაძლებელია მხოლოდ წინა კატეგორიის შესაბამისი ჩვევების დაუფლების შემდეგ.  ამგვარად, ყოველი სფეროს ფარგლებში გამოიყოფა განვითარების დონეები მარტივიდან რთულისკენ.
ჩვენ დაწვრილებით განვიხილავთ კოგნიტურ (შემეცნებით) სფეროს. ბლუმის მიხედვით აზროვნების ან შემეცნების უნარი ექვს დონედ შეიძლება დაიყოს. ეს დონეებია: ცოდნა, გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი და შეფასება. აზროვნების ეს დონეები საფეხურებად არის განლაგებული, სადაც, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ყოველი მომდევნო დონე უფრო რთულდება და მოიცავს ერთ ან რამდენიმე წინა დონეს. ცოდნა, გაგება და გამოყენება ქვედა სააზროვნო დონეში მოიაზრება, მას რეპროდუქციულ დონეებსაც უწოდებენ; ხოლო ანალიზი, სინთეზი და შეფასება - ზედა დონეებია და ავითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს.
ამ კლასიფიკაციის მიხედვით, ინფორმაციის შენახვა და გახსენება ინტელექტუალური აქტივობის ყველაზე დაბალი საფეხურია.
კრიტიკული აზროვნების უნარი ყველაზე მჭიდროდ ბლუმის ტაქსონომიის ყველაზე მაღალ V და VI საფეხურებთან არის დაკავშირებული.
ეს ტაქსონომია უმთავრესად გამოიყენება სასწავლო პროცესში სხვადასხვა სახის დავალებათა კლასიფიკაციის დროს, იგი საკმაოდ ეფექტური იარაღია თვით სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროსაც. მნიშვნელოვანია მკაფიოდ ჩამოყალიბებული სასწავლო მიზნების შესაბამისი დავალებების შერჩევა. ერთი კონკრეტული გაკვეთილის ფარგლებში სასურველია დავალებათა დონეების მრავალფეროვნება.
დაბალი დონის შესაბამისი დავალებების გამოყენება, როგორც წესი, უფრო ადეკვატურია:
.  მოსწავლეთა არსებული ცოდნის შესამოწმებლად;
.  მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეების დასადგენად;
.  სასწავლო შინაარსის შეჯამებისა და მიმოხილვის მიზნით.
მაღალი დონის დავალებების გამოყენება ადეკვატურია მაშინ, როდესაც სასწავლო მიზნებია:
.  მოსწავლეებში უფრო ღრმა და კრიტიკული აზროვნების წახალისება;
.  პრობლემების გადაჭრის უნარის განვითარება;
.  მოსწავლეთა მიერ ჰიპოთეზის დამოუკიდებლად ჩამოყალიბება, ინფორმაციის
   მოძიება და მოსაზრებების დასაბუთება.
ბლუმის ტაქსონომიის გამოყენება ერთი ჩვეულებრივი გაკვეთილის დასაგეგმადაც გამოდგება.
განვიხილოთ ეს დონეები ცალ-ცალკე:
I დონე - ცოდნა.
.  დახასიათება: ეს არის ინფორმაციის ცნობის ან გახსენების დონე.
   მოიცავს ფაქტების, ცნებების, განმარტებების, წესის, შინაარსის გახსენებას.
.  აქტივობა: ამ დონის შესაბამისად შემუშავებული აქტივობები ძირითადად  
   ფაქტების დამახსოვრებას მოითხოვს. მოსწავლეთა ყურადღება ახალი ინფორმაციის      
   აღქმაზე, მის ხშირ გამეორებასა და დამახსოვრებაზეა ორიენტირებული.
.  სიტყვები: ამ დონეზე მასწავლებელი მოსწავლეებს მიმართავს შემდეგი სიტყვებით:
   დაალაგე, აღწერე, განსაზღვრე, გაიხსენე, შეარჩიე, დააკავშირე.
II დონე - გაგება.
.  დახასიათება: ამ დონეზე ხდება აზრის გაგება, საკუთარი სიტყვებით ფაქტის  
   გადმოცემა. მოიცავს მსჯელობას, ცნებების ან კონცეფციის აზრის ახსნას და  
   ინტერპრეტეციას, სამოქმედო გზის ან პრობლემის გადაწყვეტის გზის დანახვას.
.   აქტივობა: ამ დონის შესაბამისად მომზადებული სასწავლო აქტივობები მიღებული
   ცოდნის ინტერპრეტეციას მოითხოვს მოსწავლეთაგან. მოსწავლეები ასევე შეძლებენ
   გრაფიკების, ცხრილების თუ დიაგრამების ინტერპრეტირებას.
.   სიტყვები: ამ დონეზე მასწავლებელი მოსწავლეებს მიმართავს შემდეგი
   დავალებებით: ახსენი, შეაჯამე, განსაჯე, მოიყვანე მაგალითი, ილუსტრაცია,
   დააჯგუფე, შენი სიტყვებით ჩამოაყალიბე.
III დონე - გამოყენება.
.   დახასიათება: ეს არის თეორიის პრაქტიკაში და რეალურ სიტუაციაში გამოყენების
   დონე. ხასიათდება თეორიის პრაქტიკაში გატარებით, ამოცანის გადაწყვეტით,
   მოქმედების განხორციელებით.
.  აქტივობა: ამ დონის შესაბამისად მომზადებული სასწავლო აქტივობა
   მოსწავლისაგან მოითხოვს საკუთარი ცოდნის ტრანსფერს (გადატანას),
   პრაქტიკულ ვითარებაში მის გამოყენებას. მოსწავლეებს ევალებათ მიღებული
   ცოდნის კონკრეტულ ვითარებაში გამოყენებისთვის ყველაზე ეფექტური
   სტრატეგიების მოფიქრება და რეალიზება.
.  სიტყვები: მასწავლებელი მათი შემდეგი დავალებების შესრულებას სთხოვს:
   გამოიყენე, გადაწყვიტე, განახორციელე, მოამზადე, შეცვალე, ააგე.
IV დონე - ანალიზი.
.  დახასიათება: ამ დონეზე ხდება ელემენტების სტრუქტურის, აგებულების
   ორგანიზაციული პრინციპების, შინაგანი მიმართებების ინტერპრეტირება.
   ეს დონე ხასიათდება პროცესის ან ცნების ნაწილების გამორჩევით,
   მეთოდოლოგიის ან პროცესის ფუნქციების ანალიზით, ელემენტების მიმართების,
   მათი ფუნქციონირების შედეგების თვისებრივი ანალიზით.
.  აქტივობა: ამ დონის შესაბამისად მომზადებული სასწავლო აქტივობა
   მოსწავლეებისაგან მოითხოვს ერთი მთლიანის, კომპლექსური კონცეფციის
   შემადგენელ კომპონენტებად დაშლას; მთელსა და მის ნაწილებს შორის
   არსებული მიმართებების დანახვას, წვდომას; მათ შორის მსგავსება/
   განსხვავებულობის წვდომით მთლიანის უკეთ გაგებას; რთული კონცეფციების
   მიღმა მდგარი ძირითადი იდეისა და სტრუქტურის ამოკითხვას, გაგებას.
.  სიტყვები: მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს - გააანალიზე, შეადარე, გაზომე,
   შეამოწმე, ჩაატარე ექსპერიმენტი, გამოსახე გრაფიკულად, ააგე დიაგრამა, შეაფასე.
V დონე - სინთეზი.
.  დახასიათება: ეს დონე ხასიათდება ახალი უნიკალური სტრუქტურის, სისტემის
   მოდელის შექმნით, ახალი იდეის, ახალი მიდგომის ჩამოყალიბებით. ამ დონეზე
   ხდება გეგმისა და პროცედურების  შემუშავება, იდეების, საშუალებებისა და
   მეთოდების ინტეგრირება,ახალი მიდგომების შემუშავება.
.  აქტივობა: ამ დონეზე მომზადებული დავალება, საკლასო აქტივობა
   მოსწავლეებისაგან ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებას მოითხოვს მათთვის
   უცნობი, სრულიად ახალი პროდუქტის შესაქმნელად.სინთეზის დონე
   ითვალისწინებს კარგად ნაცნობი ელემენტების (მოვლენების, ფაქტების, საგნების)
    ახლებურად გაანალიზებას.
.   სიტყვები: მოსწავლეებს მასწავლებელი აძლევს შემდეგ დავალებას - შეიმუშავე
   გეგმა, შექმენი, ააგე, გადაამოწმე, გარდაქმენი, ააწყვე, შეცვალე, შეიმუშავე
   ჰიპოთეზა და შეამოწმე.
VI დონე - შეფასება.
.  დახასიათება: ამ დონეზე ხდება მოდელის, კონცეფციის ეფექტურობის შეფასება
   მისი შედეგიანობის თვალსაზრისით, ხდება კრიტიკული ანალიზი, სტრატეგიული
   ვარიანტებისა და გეგმების შეფასება, რისკების გათვლა.
.  აქტივობა: ამ დონის დავალებებში მოსწავლეებისგან მოვლენების ან ფაქტების
   შეფასებას, მათზე დასკვნების გამოტანას მოითხოვს ისეთი მახასიათებლების
   მიხედვით, როგორიცაა ხარისხი, სანდოობს, ღირებულება, პრაქტიკული
   მნიშვნელობა. მოსწავლეებს ევალებათ საკუთარი პოზიციის მხარდამჭერი
   მტკიცებულების წარმოდგენა, მათი აზრის მიღმა არსებული ლოგიკის
   პრეზენტაცია და პოზიციის გამყარება მსჯელობებით.
.  სიტყვები: მოსწავლეს აძლევს მასწავლებელი შემდეგ დავალებას: შეაფასე,
   დაასაბუთე, გამოიკვლიე, მოიყვანე არგუმენტები.
მაგალითად; თემა ,,ავტობიოგრაფია’’;
მოსწავლემ უნდა:
-         დაასახელოს ის პუნქტები, რომლებიც აუცილებლად უნდა შედიოდეს ავტობიოგრაფიაში (პირველი დონე - ცოდნა);
-         ახსნას, რატომ არის ღირებული უნაკლო ავტობიოგრაფია (მეორე დონე - გაგება);
-         მისი საკუთარი ბიოგრაფია ტაბელურად შეადგინოს (მესამე დონე - გამოყენება);
-         ხელთ არსებული ბიოგრაფია გააანალიზოს, შეიცავს თუ არა იგი ჭარბ მონაცემებს ან თუ აკლია რაიმე მონაცემი (მეოთხე დონე - ანალიზი):
-         ორი ბიოგრაფიის ერთმანეთთან შედარებით ჩამოაყალიბოს სანიმუშო საზოგადო მოღვაწის სახე (მეხუთე დონე - სინთეზი);
-         გადაწყვიტოს, შეიძლება თუ არა მის მიერ შედგენილი და ხელით დაწერილი ავტობიოგრაფია ამ სახით გაგზავნოს (მეექვსე დონე - შეფასება)
ამრიგად, ცოდნას, გაგებას და გამოყენებას შეიძლება ვუწოდოთ აზროვნების ქვედა (დაბალი) დონის სააზროვნო უნარები, ხოლო ანალიზს, სინთეზს და შეფასებას - ზედა (მაღალი) დონის სააზროვნო უნარები.  

როგორც  ჩანს, სააზროვნო დონეები ერთმანეთისაგან იზოლირებული არ არის: რომელიმე ერთი დონის შესაბამისი აქტივობა ხშირად მოიცავს ისეთ ქვეაქტივობებს, რომლებიც სხვა დონეებს შეესაბამება. ცოდნა ამ დონეების საფუძველს წარმოადგენს, რადგან სასწავლო მასალის (თუნდაც მცირე) ნაწილის ცოდნის გარეშე შეუძლებელია უფრო მაღალი დონის სააზროვნო აქტივობათა რეალიზაცია. გარდა ამისა, ერთი და იგივე დავალება შეიძლება ეკუთვნოდეს სხვადასხვა დონეს იმის მიხედვით, როგორია მოსწავლის წინმსწრები ცოდნა.

მოგვიანებით ბლუმმა და მისმა კოლეგებმა ასეთივე ტაქსონომია შეადგინეს სხვა სფეროებშიც.
     აფექტური (ემოციურ - ღირებულებითი) სფეროს ტაქსონომია
აქ შედის გარესამყაროს მოვლენებისადმი ემოციურ - პიროვნული დამოკიდებულების ფორმირების მიზნები: აღქმა, ინტერესი, რეაგირებისადმი მზაობა, ღირებულებები, დამოკიდებულებები, გრძნობები, მათი გაცნობიერება, ფორმირება და ქცევაში გამოვლენა.
სასწავლო მიზნების ძირითადი კატეგორიებია:
აღქმა:  აქ იგულისხმება მოსწავლის მზაობა აღიქვას ესა თუ ის მოვლენა. მასწავლებლის მიზანია, მიიზიდოს მოსწავლის ყურადღება.
რეაგირება:  მოსწავლე ავლენს აქტივობას, ის არა მხოლოდ აღიქვამს, არამედ ავლენს საგნისადმი ან მოვლენისადმი ინტერესს.
ღირებულების გააზრება-რეფლექსია: ღირებულებების გააზრება-მიღება, უპირატესობის მინიჭება.
ღირებულებათა სისტემის ორგანიზება: ღირებულებების გააზრება და გამთლიანება, მათ შორის წინააღმდეგობების დაძლევა. ღირებულებების ფორმირება მათი მნიშვნელობისა და სიმყარის საფუძველზე.
ღირებულებათა სისტემის გათავისება და ქცევაში ასახვა: აქ ხდება ღირებულებების სრული გათავისება და მოქმედებაში გამოვლენა.
                       მოტორული სფეროს ტაქსონომია
სასწავლო მიზნების ძირითადი კატეგორიებია:
იმიტაცია: სხვისი მოქმედების მიბაძვა და გამეორება.
მანიპულაცია: მოქმედების აღდგენა მითითების ან მეხსიერების მიხედვით
სიზუსტე: ჩვევის დამოუკიდებლად განხორციელება.
ჩვევების კომბინირება: ახალი, არასტანდარტული მიზნის მისაღწევად ჩვევის ინტეგრირება.
ნატურალიზაცია: ავტომატიზირება, ცნობიერების მონაწილეობის გარეშე საჭიროებისამებრ მოქმედების განხორციელება; უმუშავდება მუშაობის საკუთარი სტილი.

რაში ეხმარება პედაგოგს ბლუმის ტაქსონომიის ცოდნა.
მისი დახმარებით შესაძლებელია;
-         სუფთა რეპროდუქტიული მიღწევები კოგნიტური მიღწევებისგან განასხვავოს;
-         გაკვეთილები (თემები) სირთულის   ხარისხით შეგნებულად დაგეგმოს;
-         გადაამოწმოს განსაზღვრული არსებული ცოდნა შესაბამისი მიზნებისათვის გამოდგება თუ არა;
-         მოსწავლეებს დააკვირდეს, აქვთ თუ არა უნარი განსაზღვრული ინტელექტუალური მიღწევებისათვის;
-         განსაზღვრულ ინტელექტუალურ უნარ-ჩვევებზე შეგნებულად ივარჯიშონ;
-         გაკვეთილი მარტო ცოდნის დონით არ შემოიფარგლოს;
-         საშინაო და საკლასო დავალებები და გამოცდები ისე იყოს ფორმულირებული, რომ შეიძლებოდეს მისი მიღწევის დონეებად დალაგება;
-         სწავლის შედეგები ობიექტურად შეფასდეს;
-         კოლეგებთან მოხდეს თანამშრომლობა მიღწევის დონეების შესახებ;
-         სასწავლო გეგმები გააანალიზდეს იმის მიხედვით, თუ რამდენად დაძლიეს ინტელექტუალურად (კოგნიტურ სფეროში) მოსწავლეებმა ის, რაც მათ მოეთხოვებოდათ და ა.შ.
 თეორეტიკოსებმა ბლუმის ტაქსონომია რამოდენიმე მიზეზით გააკრიტიკეს:
1.სწავლება არ არის თანამიმდევრული. ბლუმის იერარქია ხელოვნურად აწყობილს ჰგავს. ის ძალიან ლინეალურია (ხაზობრივია).
 ადამიანს შეუძლია ცოდნიდან გამოყენებაზე გადავიდეს, შემდეგ გააანალიზოს გამოყენება, მივიდეს დასკვნამდე (შეფასებამდე) და შემდეგ გააანალიზოს დასკვნა ამ ინფორმაციის სინთეზით.
2.ბლუმის ტაქსონომია არასრულყოფილია. იგი კონცენტრირებას ახდენს სწავლაზე, მასში  მოტივაციაზე და კლასის მენეჯმენტზე არაფერია ნათქვამი.
3.ინდივიდუალისტურია - სოციალური სწავლების თეორიისგან განსხვავებით ბლუმის ტაქსონომია ფოკუსირებას ახდენს იმაზე, თუ როგორ სწავლობს ინდივიდი. იგი არ ითვალისწინებს სოციალურ გარემოს.
დღეს მეცნიერებაში დიდი დავის საგანია, რომელი სააზროვნო უნარი უნდა იდგეს უფრო მაღლა - სინთეზი თუ შეფასება. ერთმნიშვნელოვნად ამის მტკიცება რთულია - სინთეზი და შეფასება შესაძლოა გადანაცვლდეს იმისდა მიხედვით, თუ რა სახისაა შეფასება. თუ შეფასება არ არის სტრატეგიული და არ უკავშირდება გადაწყვეტილების მიღებას, მაშინ იგი უფრო  ნაკლებად რთული სააზროვნო ოპერაცია იქნება, ვიდრე სინთეზი.
განათლების სპეციალისტები ხშირად კამათობენ ე. წ. მაღალი დონეების თანმიმდევრობის შესახებ. 
ზოგი კრიტიკოსი მიიჩნევს სამ ყველაზე დაბალ საფეხურს იერარქიულად  დაწყობილს, მაგრამ სამ ყველაზე მაღალ საფეხურს პარალელურად.
უდაოა, რომ ბლუმის ტაქსონომიამ დიდი როლი ითამაშა განათლების სისტემაში. იგი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მისი ნაკლოვანებები.
მას წარმატებით იყენებენ სასწავლო გეგმების შექმნის, სასწავლო პროგრამების შემუშავების და მათი შედეგების შეფასების, გაკვეთილის დაგეგმვისა და ტესტური დავალებების შედგენისას. ამავე დროს, ბლუმის ტაქსონომიას იყენებენ ორგანიზაციებში თანამშრომლების ტრენინგის დაგეგმვის, ტრენინგის პროგრამის შემუშავებისა და ტრენინგის შედეგების შეფასებაში.
P.S. ჩემის აზრით, შეფასება მართლაც ყველაზე რთული საფეხურია, რადგან შემფასებელი  კარგად უნდა ერკვეოდეს იმ თემაში, რასაც ის აფასებს. ბლუმის იდეა ცხადია: დამახსოვრებისა და ცოდნის გარეშე შეუძლებელია გაგება, მის გარეშე კი -გამოყენება, საწყისი დონეების დაძლევის გარეშე კი შეუძლებელია ანალიზი და სინთეზი. ყველა დასახელებული საფეხურის გარეშე კი წარმოუდგენელია მოვლენებისა თუ ფაქტების შეფასება. მართლაც დამოუკიდებელი შეფასების უნარი საგანმანათლებლო მიზნების უმაღლესი წერტილია. იგი ერთგვარი კრებულია ყველა საფეხურისა. და რას ფიქრობთ თქვენ?



ლიტერატურა:
Anderson, L. W. Krathwal, D. R. Mayer, R. E. (2001) A Taxonomy of Learning, Teaching, and Assessing: A Revision of Bloom’s Taxonomy of Educational Objectives. New York.









Wednesday, October 25, 2017

აღზრდა

ჩემი შემდეგი სტატია ეხება იმ ურთულეს საკითხს, რომელსაც  აღზრდა ჰქვია. ეს არის თემა, რომლის შესახებაც შეიძლება ბევრი ვიმსჯელოთ, ბევრი ვიკამათოთ და უამრავი მაგალითი მოვიყვანოთ, თუმცა შევეცდები ძალიან მოკლედ გადმოვცე ჩემი სათქმელი.
პედაგოგებს არა მარტო საგნის სწავლა, არამედ აღზრდაც გვევალება, იმ მომავალი თაობისა, რომლებიც თითქმის დღის ნახევარს ჩვენს გვერდით ატარებენ. არ ვთვლი, რომ გაკვეთილიდან გადახვევა ამ მიზნით, თუნდაც 2, 3 წუთით (მითუმეტეს როცა ამის საჭიროებას ვხედავთ)  დაკარგულია, პირიქით. მაშასადამე თითოეულ პედაგოგს დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია, თუმცა ყველა დამეთანხმება , რომ მშობლის როლი ბავშვის აღზრდის საქმეში განუზომელია. მაშ რა სახით უნდა გამოვზარდოთ შვილები? რა უნდა ვასწავლოთ მათ? აი რას გვთავაზობს წმ. მღვდელთმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) : ,,თუ გსურს, ძმაო რომ შენი შვილი გამოვიდეს კეთილი და ბედნიერი კაცი, ორი საქმე ასწავლე მას, ორი თვისება დანერგე მის გულში. პირველად ეცადე, რაც შეგიძლია, რომ შენს შვილს შეაყვარო სიმართლე, მიაჩვიო გულწრფელობას. პირველი და უწინარესი ყოველთა ცოდვა, რომელიც გაჩნდება მცირე წლოვანის გულში, არის სიცრუე, მოტყუება, მზაკვარება. თუ არ ეცადე და არ აღმოფხვერი მისი გულიდან ეს ცოდვა, იგი გარდაექცევა მას ჩვეულებად და შეიქმნება წყაროდ ყოველთა მისთა მომავალთა ცოდვათა. მეორედ, ეცადე და ყოველი ღონის-ძიება იხმარე, რომ შენი შვილი მიეჩვიოს ყოველს საქმეში ბეჯითობასა, ესე იგი, დაუდევნელობა, დაუდევნელობა ის არის,  როდესაც კაცი თვისს საქმეს, თვისს მოვალეობას არ ასრულებს ბეჯითად და კეთილ-სინდისითა’’.
მშობელი არის მაგალითი, ერთგვარი მოდელი შვილისთვის. ერთ-ერთი იტალიელი ფსიქოლოგის მარია მონტესორის  აზრით ბავშვები ისრუტავენ ყველაფერს, რაც მათ გარშემოა, რომ მათი მოდელი არის მშობელი. მშობლებმა შვილებს თავიანთი ქცევებით უნდა ასწავლონ; კი არ უნდა უკარნახონ ბავშვებს, რომ მადლობა გადაიხადონ და წესრიგიანად იყვნენ, არამედ თავად უნდა აძლევდნენ მაგალითს მადლობის თქმით, მათ თვალწინ საკუთარი ნივთებისა და გარემოს მოწესრიგებით.
მარია მონტესორი რომის ერთ-ერთ გარეუბანში სათავეში ჩაუდგა ,,ბავშვების სახლს’’- სადაც ღარიბ, გაუნათლებელ და გაველურებულ ბავშვებს მოუყარა თავი. მათი აკადემიური მიღწევები და მათი ქცევა მალე სამაგალითო გახდა. ამ სკოლაში მშობლებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ენიჭებოდათ. მათი მოვალეობა იყო, რომ ბავშვებს სკოლაში არ დაეგვიანათ, სუფთა, მოწესრიგებული მისულიყვნენ. ყველა მშობელი ვალდებული იყო, კვირაში ერთხელ სკოლის დირექტორთან შვილის ამბავი მოეკითხა. მარიას სურდა მშობლებს ეგრძნოთ, რომ სკოლა მათიც იყო და პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ, რათა მასწავლებლებთან ერთად სკოლის საერთო მიზნებისათვის მიეღწიათ. თუ მშობელი თანამშრომლობაზე არ თანხმდებოდა, მის შვილს სკოლიდან რიცხავდნენ მანამ, სანამ მშობელი თანამშრომლობის სურვილს რ გამოთქვამდა. 
ფსიქოლოგ ალბერტ ბანდურას  აზრით ადამიანები ეფექტურად სწავლობენ სხვა ადამიანზე, ანუ მოდელზე დაკვირვებით. ადამიანებს სხვების იმიტაციის/მიბაძვის უნარი დაბადებიდან მოსდევთ. ისინი სწავლობენ მრავალი ფსიქომოტორული ქმედების შესრულებას სხვა ადამიანების დაკვირვებით, როგორც შედარებით მარტივ (მაგ: კბილების გახეხვა), აგრეთვე გაცილებით უფრო რთულ ქმედებებს (მაგ: ცეკვა, პიანინოზე დაკვრა და ა. შ.). ბევრი მოდელი, რომელთაგანაც ადამიანები სწავლობენ, ცოცხალი მოდელები არიან, რეალური ადამიანები, რომლებსაც შეიძლება დააკვირდნენ, თვალყური ადევნონ. აგრეთვე ადამიანები  ხშირად სწავლობენ სიმბოლური მოდელებისგან, წიგნებში, კინოფილმებში, ტელევიზორში ან მედიაში ასახული რეალური ან გამოგონილი ფიგურებისგან, პერსონაჟებისგან.
მშობლის როლი ასევე დიდია ბავშვის ნიჭის გამოვლენასა და მის გამოყენებაში. ხანგრძლივმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვის ნიჭიერება აუცილებლად არ განაპირობებს წარმატებას. ოჯახი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ბავშვის პოტენციური შესაძლებლობების განვითარებას. პერსპექტივა გაცილებით უკეთესია, როდესაც ნიჭიერებას და შესაბამის პიროვნულ თვისებებს სათანადო ოჯახური და სოციალური გარემოც უწყობს ხელს.
სამწუხაროდ არაერთხელ მინახავს მშობელი, რომელიც შვილზე მეტს აშავებს და თავად აკლია ის რასაც აღზრდა ჰქვია. მათთვის კარგად აღზრდად მხოლოდ კარი ცემა და სიმკაცრე ითვლება.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ბავშვები სწავლობენ მშობლებისგან, თუმცაზოგჯერ ბავშვებიც გარკვეულ როლს ასრულებენ მშობლების აღზრდაში. 
ამასთან დაკავშირებით  მწერალი ნოდარ დუმბაძე იუმორით გადმოგვცემს  შესაბამის მაგალითებს:
ერთ დღეს შვილი მიდის მამასთან და ჰკითხავს:
-მამიკო რატომ არ ღრუტუნებ? - რატომ უნდა ვიღრუტუნო, შვილო? -იმიტომ, რომ ღორი ხარ. ასე თქვა ბაბუამ!
ან - ბებო, კუდი მაჩვენე რა! დედას ახსენდება, რომ გუშინ ბავშვის თანდასწრებით ქმარს უთხრა, რომ დედამისი კუდიანია. 
პატარა საპნით ხელში მიდის დედასთან და სთხოვს პირი დაიბანოს, რადგან ბებომ უთხრა, რომ დედამისი პრშავია...  ასეთი ბავშვები დიდ საქმიანობას ეწევიან მშობლბის აღზრდაში.
და ბოლოს ჩემ სტატიას წმ. ილია მართალის სიტყვებით დავასრულებ: ,,გონივრულმა აღზრდამ უნდა აზიაროს ადამიანი გარკვეულ განწყობას, რომელიც მას მთელ სიცოცხლეში გაჰყვება’’.

Saturday, September 30, 2017

დისციპლინა სკოლებში და მის გაუმჯობესებაზე მიმართული ღონისძიებები




გამარჯობა
მოგესალმებით ყველას, ვინც ჩემს ბლოგს ესტუმრება. მინდა პედაგოგებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემას შევეხო. ასევე მაინტერესებს თქვენი აზრი და გამოცდილება ამ საკითხთან დაკავშირებით.


სკოლაში დისციპლინის დამყარება და მოსწავლეთა ქცევა ჩვენი დროის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევებია. ამიტომ მინდა თქვენი ყურადღება ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე გავამახვილო. ალბათ ბევრ პედაგოგს ებადება კითხვები: როგორ ვმართოთ კლასი? რა გავლენას ახდენს კლასის მართვა მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე? კლასის მართვის რომელი მეთოდებია ყველაზე ეფექტური? და ა.შ. 

დისციპლინასთან დაკავშირებული საკითხები ყველა მასწავლებელს აღელვებს. რაც უფრო მაღალია სკოლაში კლასი, მით უფრო მეტი დისციპლინის დარღვევა ფიქსირდება. ეს შეიძლება აიხსნას ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა, თანატოლთა ზეგავლენა, გარემოს ზეგავლენა, გენდერული განსხვავებები, გარდამავალ ასაკთან დაკავშირებული ემოციური სირთულეები. 

დღესდღეისობით სკოლების ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა დისციპლინის ნაკლებობაა და რა თქმა უნდა სწორედ ეს პრობლემა ძალიან უარყოფით ზეგავლენას ახდენს სწავლისა და სწავლების პროცესზე. მაშინ როცა კლასში დისციპლინის პრობლემაა გაკვეთილის დროის ნახევარი სწავლებას ხოლო მეორე ნახევარი კი თითქმის მთლიანად დისციპლინის დარღვევის შემთხვევებზე იხარჯება.

სწორედ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად უამრევი კვლევა არსებობს. სკოტ სთეიჯისა და დევიდ ქუიროზის (1997) ანალიზში, სადაც 99 ცალკეული კვლევის შედეგია გაერთიანებული დისციპლინური დარღვევის აღკვეთის ოთხი კატეგორიაა: 

  • წახალისება/დაგმობა. 
  • დასჯა.
  •  არანაირი რეაქცია. 
  • წახალისება/დაგმობის კომბინაცია დასჯასთან . 
პირველი გულისხმობს მისაბაძი ქვევისათვის აღიარებასა და შექებას, ხოლო დაშვებული ქცევისათვის - დაგმობასა და აღკვეთას.
2.დასჯა გულისხმობს ნეგატიურ რეაქციას მოსწავლის არასწორ ქცევაზე
3.არანაირი რეაქცია ნიშნავს იმას, რომ მოსწავლის დაუშვებელ ქცევას მასწავლებლის მხრიდან რეაგირება არ მოჰყვება.
4.წახალისება/დაგმობის კომბინაცია დასჯასთან გულისხმობს მისაბაძი ქცევისათვის აღიარებასა და შექებას, ხოლო ნეგატიურ რეაქციას დაუშვებელ ქცევაზე.
მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ დასჯას არ შეიძლება ჰქონდეს დადებითი შედეგი.ჯორჯ ბუარი (1998) კი კვლევების მიმოხილვის შემდგ ასკვნის, რომ კვლევები მხოლოდ დასჯის ზომიერი ფორმების ეფექტურობას აღიარებს.
გამოყოფენ დისციპლინის გაუმჯობესებაზე მიმართულ ღონისძიებათა ხუთ კატეგორიას:
 1. მასწავლებლის რეაქცია,
 2.ნივთიერი წახალისება, 
3. დაუყოვნებელი სახდელი, 
4. კრიტერიუმების ჯგუფური მიღწევები 
5.  მშობელთა რეაგირება მოსწავლის ქცევაზე.
1.მასწავლებლის რეაქცია. მასწავლებლის სიტყვიერი და ფიზიკური რეაქციები ყველაზე მარტივი გზაა, იმისათვის, რომ მოხდეს სანიმუშო ქცევის აღიარება და რეაგირება მიუღებელ ქცევაზე. მაგ:
ა)დისციპლინის დამრღვევ მოსწავლესთან მიახლოება და მხედველობითი კონტაქტის დამყარება. ეს არის საკმაოდ ეფექტური საშუალება მოსწავლის გასაფრთხილებლად.
ბ)ფიზიკური სიგნალის,მაგ: თითის დაქნევის ან თავის გაქნევის გამოყენება იმის ნიშნად, რომ მოსწავლის საქციელი მიუღებელია.
გ)სიტყვიერი მითითების მიცემა. რაც უფრო სხვებისთვის შეუმჩნევლად გააკეთებს ამას მასწავლებელი, მით უკეთესი.
დ)თუ მოსწავლე არ რეაგირებს ,,მსუბუქ’’ შეხსენებასა და მითითებებზე, მასწავლებელმა პირდაპირ უნდა მოუწოდოს მოსწავლეს შეწყვიტოს მიუღებელი საქციელი.
ეს მარტივი წესები ამცირებენ მოსწავლეთა მიერ დისციპლინის დარღვევის შემთხვევებს.
2.ნივთიერი წახალისება.კვლევებმა აჩვენა,რომ ნივთიერი წახალისების სხვადასხვა ფორმის გამოყენება ყველაზე ეფექტურია, თუ მოსწავლე მათ იღებს სანიმუშო ქცევისათვის და კარგავს მაშინ, როცა დისციპლინას დაარღვევს. ნივთიერი წახალისება გულისხმობს მოსწავლის დამსახურების აღიარებას, დაჯილდოების კონკრეტულ ფორმას.(თუმცა ეს ქრთამის ფორმად არ უნდა იქცეს).
3.დაუყოვნებელი სახდელი.რომლის ერთ-ერთი სტრატეგიაა მოსწავლის იზოლაცია გარკვეული დროით, მისი კლასიდან გაყვანა, თუმცა საყურადღებოა შემდეგი საშიშროება, მოსწავლეს შეუძლია იზოლაცია გამოიყენოს, როგორც ,,გაკვეთილიდან მოშორების’’ ძალიან ადვილი საშუალება, აღარ ჩაუღრმავდეს დისციპლინის დარღვევის მიზეზებს და არ ეძებოს მათი აღმოფხვრის  გზები.
4.ჯგუფური მიღწევები.აქ წარმატებას აღწევს ჯგუფი ერთად და არა ინდივიდუალურად. მაგ: ქ. მულდონი მოსწავლეებს ავალებდა გაკვეთილის შემდეგ გამოყენებული მასალა მიელაგებინათ.თუ კლასი ამას კარგად შეასრულებდა მიიღებდა 25ქულას. მოსწავლეებს  შეეძლოთ მასწავლებელი მოექციათ ,,წნეხის ქვეშ’’ და მოეთხოვათ ტესტირების გადადება, ერთი დღე დავალების გარეშე მისვლა, დამატებითი დრო პროექტზე სამუშაოდ და ა.შ.

მნიშვნელოვანია , ავღნიშნოთ, რომ დისციპლინის გაუმჯობესებაზე მიმართული ღონისძიებების გატარება მხოლოდ მასწავლებლის პასუხისმგებლობასარ წარმოადგენს. ეფექტური დისციპლინა კლასისა და, ზოგადად, სკოლის ეფექტური მართვის შედეგია. კვლევის შედეგების მიხედვით, სკოლა უნდა ესწრაფვოდეს, მიაღწიოს ,,ჯანსაღ ბალანსს’’ შექებასა და დასჯას შორის. მოსწავლეს სკოლის შესახებ შეხედულება სკოლის მართვისა და კლასის მართვის ერთობლივი ეფექტურობის შეჯამების საფუძველზე ექმნება. არაერთი  კვლევა ადასტურებს, რომ მოსწავლეთა ქცევის მართვა არის ის საყურადღებო ფაქტორი, რომლის მიხედვითაც საზოგადოება სკოლის ეფექტურობას აფასებს. მაშასადამე ქცევის მართვა არის საკითხი, რომელსაც ყურადღება როგორც კლასის ისე სკოლის დონეზე სჭირდება.