ბენჯამენ ბლუმი, დოქტორი განათლების დარგში, 1940 წლიდან
მოღვაწეობდა ჩიკაგოს უნივერსიტეტის ფაკულტეტზე. 1948 წლიდან ბლუმი ხელმძღვანელობდა
განათლების ფსიქოლოგიის კომიტეტს, რომლის მიზანი იყო სასწავლო ქცევების კატეგორიების
იდენტიფიკაციის სისტემის შემუშავება. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ბლუმმა მუშაობა სწავლის
მიზნებისა და სწავლების შედეგების კლასიფიკაციის ისეთი სისტემის შექმნაზე, რომელიც
გამოდგებოდა სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და ობიექტური შეფასებისათვის. 1956 წელს
განათლების სპეციალისტთა ჯგუფმა, ბენჯამინ
ბლუმის ხელმძღვანელობით, შეიმუშავა ახალი სისტემა.ეს სისტემა ,,ბლუმის ტაქსონომიის’’
სახელწოდებით არის ცნობილი და ჩამოყალიბებულია ბლუმის და მისი თანამოაზრეების ცნობილ
სამტომეულ ნაშრომში: ,,განათლების მიზნების ტაქსონომია’’
სიტყვა ,, ტაქსონომია’’ აღნიშნავს ქმედებას, რომელიც
კლასიფიცირებას უკავშირდება. იგი წარმოდგება ბერძნული სიტყვებისაგან ტაქსის, რაც ნიშნავს წესრიგს, დალაგებას და
ნომოს, რაც ნიშნავს კანონს, მეცნიერებას.
ეს ქმედება (კლასიფიცირება) შესაძლოა დაკავშირებული იყოს როგორც რეალურ ობიექტებთან,
ასევე ცნებებსა და იდეებთანაც. გარადა ამისა, იგი მოიცავს ამ პრინციპების აღწერასაც,
რომლებსაც ეფუძნება ეს კლასიფიკაცია. კერძოდ განათლების სფეროში საკმაოდ გავრცელებული
ტერმინი ბლუმის ტაქსონომია უკავშირდება სასწავლო მიზნების კლასიფიკაციას და ამ კლასიფიკაციის
პრინციპების აღწერას. ამ პრინციპების მთავარი მიზანი იყო განათლების სპეციალისტებს
შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება, სასწავლო კურიკულუმებისა და შეფასების სისტემების
შექმნის ხელშწყობა.
ტაქსონომია არის კლასიფიკაციის პრინციპების საფუძველზე
ჯგუფების, კატეგორიების გამოყოფის სისტემა. ბლუმის ტაქსონომია გულისხმობს სწავლის მეთოდისა
და შეფასების კლასიკურ სტრუქტურას: ცოდნას, განწყობას, ჩვევებს. ეს მოდელი სასწავლო
მიზნების, სწავლებისა და სწავლების შედეგების გაზომვის ეფექტური საშუალებაა. ბლუმის
ტაქსონომია იძლევა დეტალურ სტრუქტურას სწავლების დაგეგმვის, სასწავლო მეთოდებისა და
ტრენინგის ეფექტურობის შეფასებისათვის.
ბლუმის მიხედვით, განათლების
მიზანი უნდა იყოს არა მხოლოდ ცოდნის დაგროვება - არამედ მაღალი დონის აზროვნების ფორმების
ჩამოყალიბება.
ბლუმის ტაქსონომია ადამიანის აქტივობის სამ სფეროს აღწერს:
კოგნიტურს
(შემეცნებითს): ინტელექტუალური შესაძლებლობები, ცოდნა,
აზროვნება.
აფექტურს (ემოციურს):
გრძნობები, ემოციები, განწყობები.
ფსიქომოტორულს: ფიზიკური
უნარები და ჩვევები.
სამივე სფეროში კატეგორიები იერარქიულადაა განლაგებული
სირთულის მიხედვით. ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით ყოველ შემდეგ კატეგორიაზე გადასვლა
შესაძლებელია მხოლოდ წინა კატეგორიის შესაბამისი ჩვევების დაუფლების შემდეგ. ამგვარად, ყოველი სფეროს ფარგლებში გამოიყოფა განვითარების
დონეები მარტივიდან რთულისკენ.
ჩვენ დაწვრილებით განვიხილავთ კოგნიტურ (შემეცნებით)
სფეროს. ბლუმის მიხედვით აზროვნების ან შემეცნების უნარი ექვს დონედ შეიძლება დაიყოს.
ეს დონეებია: ცოდნა, გაგება, გამოყენება, ანალიზი,
სინთეზი და შეფასება. აზროვნების ეს დონეები საფეხურებად არის განლაგებული, სადაც,
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ყოველი მომდევნო დონე უფრო რთულდება და მოიცავს ერთ ან რამდენიმე
წინა დონეს. ცოდნა, გაგება და გამოყენება ქვედა სააზროვნო დონეში მოიაზრება, მას რეპროდუქციულ
დონეებსაც უწოდებენ; ხოლო ანალიზი, სინთეზი და შეფასება - ზედა დონეებია და ავითარებს
მაღალ სააზროვნო უნარებს.
ამ კლასიფიკაციის მიხედვით, ინფორმაციის შენახვა და
გახსენება ინტელექტუალური აქტივობის ყველაზე დაბალი საფეხურია.
კრიტიკული აზროვნების უნარი ყველაზე მჭიდროდ ბლუმის
ტაქსონომიის ყველაზე მაღალ V და VI საფეხურებთან არის დაკავშირებული.
ეს ტაქსონომია უმთავრესად გამოიყენება სასწავლო პროცესში
სხვადასხვა სახის დავალებათა კლასიფიკაციის დროს, იგი საკმაოდ ეფექტური იარაღია თვით
სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროსაც. მნიშვნელოვანია მკაფიოდ ჩამოყალიბებული სასწავლო
მიზნების შესაბამისი დავალებების შერჩევა. ერთი კონკრეტული გაკვეთილის ფარგლებში სასურველია
დავალებათა დონეების მრავალფეროვნება.
დაბალი დონის შესაბამისი დავალებების გამოყენება, როგორც
წესი, უფრო ადეკვატურია:
. მოსწავლეთა
არსებული ცოდნის შესამოწმებლად;
. მოსწავლის
ძლიერი და სუსტი მხარეების დასადგენად;
. სასწავლო
შინაარსის შეჯამებისა და მიმოხილვის მიზნით.
მაღალი დონის დავალებების გამოყენება ადეკვატურია მაშინ,
როდესაც სასწავლო მიზნებია:
. მოსწავლეებში
უფრო ღრმა და კრიტიკული აზროვნების წახალისება;
. პრობლემების
გადაჭრის უნარის განვითარება;
. მოსწავლეთა
მიერ ჰიპოთეზის დამოუკიდებლად ჩამოყალიბება, ინფორმაციის
მოძიება და
მოსაზრებების დასაბუთება.
ბლუმის ტაქსონომიის გამოყენება ერთი ჩვეულებრივი გაკვეთილის
დასაგეგმადაც გამოდგება.
განვიხილოთ ეს დონეები ცალ-ცალკე:
I დონე
- ცოდნა.
. დახასიათება:
ეს არის ინფორმაციის ცნობის ან გახსენების დონე.
მოიცავს ფაქტების,
ცნებების, განმარტებების, წესის, შინაარსის გახსენებას.
. აქტივობა:
ამ დონის შესაბამისად შემუშავებული აქტივობები ძირითადად
ფაქტების
დამახსოვრებას მოითხოვს. მოსწავლეთა ყურადღება ახალი ინფორმაციის
აღქმაზე,
მის ხშირ გამეორებასა და დამახსოვრებაზეა ორიენტირებული.
. სიტყვები:
ამ დონეზე მასწავლებელი მოსწავლეებს მიმართავს შემდეგი სიტყვებით:
დაალაგე,
აღწერე, განსაზღვრე, გაიხსენე, შეარჩიე, დააკავშირე.
II
დონე - გაგება.
. დახასიათება:
ამ დონეზე ხდება აზრის გაგება, საკუთარი სიტყვებით ფაქტის
გადმოცემა.
მოიცავს მსჯელობას, ცნებების ან კონცეფციის აზრის ახსნას და
ინტერპრეტეციას,
სამოქმედო გზის ან პრობლემის გადაწყვეტის გზის დანახვას.
. აქტივობა:
ამ დონის შესაბამისად მომზადებული სასწავლო აქტივობები მიღებული
ცოდნის ინტერპრეტეციას
მოითხოვს მოსწავლეთაგან. მოსწავლეები ასევე შეძლებენ
გრაფიკების,
ცხრილების თუ დიაგრამების ინტერპრეტირებას.
. სიტყვები:
ამ დონეზე მასწავლებელი მოსწავლეებს მიმართავს შემდეგი
დავალებებით:
ახსენი, შეაჯამე, განსაჯე, მოიყვანე მაგალითი, ილუსტრაცია,
დააჯგუფე,
შენი სიტყვებით ჩამოაყალიბე.
III
დონე - გამოყენება.
. დახასიათება:
ეს არის თეორიის პრაქტიკაში და რეალურ სიტუაციაში გამოყენების
დონე. ხასიათდება
თეორიის პრაქტიკაში გატარებით, ამოცანის გადაწყვეტით,
მოქმედების
განხორციელებით.
. აქტივობა:
ამ დონის შესაბამისად მომზადებული სასწავლო აქტივობა
მოსწავლისაგან
მოითხოვს საკუთარი ცოდნის ტრანსფერს (გადატანას),
პრაქტიკულ
ვითარებაში მის გამოყენებას. მოსწავლეებს ევალებათ მიღებული
ცოდნის კონკრეტულ
ვითარებაში გამოყენებისთვის ყველაზე ეფექტური
სტრატეგიების
მოფიქრება და რეალიზება.
. სიტყვები:
მასწავლებელი მათი შემდეგი დავალებების შესრულებას სთხოვს:
გამოიყენე,
გადაწყვიტე, განახორციელე, მოამზადე, შეცვალე, ააგე.
IV
დონე - ანალიზი.
. დახასიათება:
ამ დონეზე ხდება ელემენტების სტრუქტურის, აგებულების
ორგანიზაციული
პრინციპების, შინაგანი მიმართებების ინტერპრეტირება.
ეს დონე ხასიათდება
პროცესის ან ცნების ნაწილების გამორჩევით,
მეთოდოლოგიის
ან პროცესის ფუნქციების ანალიზით, ელემენტების მიმართების,
მათი ფუნქციონირების
შედეგების თვისებრივი ანალიზით.
. აქტივობა:
ამ დონის შესაბამისად მომზადებული სასწავლო აქტივობა
მოსწავლეებისაგან
მოითხოვს ერთი მთლიანის, კომპლექსური კონცეფციის
შემადგენელ
კომპონენტებად დაშლას; მთელსა და მის ნაწილებს შორის
არსებული
მიმართებების დანახვას, წვდომას; მათ შორის მსგავსება/
განსხვავებულობის
წვდომით მთლიანის უკეთ გაგებას; რთული კონცეფციების
მიღმა მდგარი
ძირითადი იდეისა და სტრუქტურის ამოკითხვას, გაგებას.
. სიტყვები:
მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს - გააანალიზე, შეადარე, გაზომე,
შეამოწმე,
ჩაატარე ექსპერიმენტი, გამოსახე გრაფიკულად, ააგე დიაგრამა, შეაფასე.
V დონე
- სინთეზი.
. დახასიათება:
ეს დონე ხასიათდება ახალი უნიკალური სტრუქტურის, სისტემის
მოდელის შექმნით,
ახალი იდეის, ახალი მიდგომის ჩამოყალიბებით. ამ დონეზე
ხდება გეგმისა
და პროცედურების შემუშავება, იდეების, საშუალებებისა
და
მეთოდების
ინტეგრირება,ახალი მიდგომების შემუშავება.
. აქტივობა:
ამ დონეზე მომზადებული დავალება, საკლასო აქტივობა
მოსწავლეებისაგან
ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებას მოითხოვს მათთვის
უცნობი, სრულიად
ახალი პროდუქტის შესაქმნელად.სინთეზის დონე
ითვალისწინებს
კარგად ნაცნობი ელემენტების (მოვლენების, ფაქტების, საგნების)
ახლებურად
გაანალიზებას.
. სიტყვები:
მოსწავლეებს მასწავლებელი აძლევს შემდეგ დავალებას - შეიმუშავე
გეგმა, შექმენი,
ააგე, გადაამოწმე, გარდაქმენი, ააწყვე, შეცვალე, შეიმუშავე
ჰიპოთეზა და შეამოწმე.
VI
დონე - შეფასება.
. დახასიათება:
ამ დონეზე ხდება მოდელის, კონცეფციის ეფექტურობის შეფასება
მისი შედეგიანობის
თვალსაზრისით, ხდება კრიტიკული ანალიზი, სტრატეგიული
ვარიანტებისა
და გეგმების შეფასება, რისკების გათვლა.
. აქტივობა:
ამ დონის დავალებებში მოსწავლეებისგან მოვლენების ან ფაქტების
შეფასებას,
მათზე დასკვნების გამოტანას მოითხოვს ისეთი მახასიათებლების
მიხედვით,
როგორიცაა ხარისხი, სანდოობს, ღირებულება, პრაქტიკული
მნიშვნელობა.
მოსწავლეებს ევალებათ საკუთარი პოზიციის მხარდამჭერი
მტკიცებულების
წარმოდგენა, მათი აზრის მიღმა არსებული ლოგიკის
პრეზენტაცია
და პოზიციის გამყარება მსჯელობებით.
. სიტყვები:
მოსწავლეს აძლევს მასწავლებელი შემდეგ დავალებას: შეაფასე,
დაასაბუთე,
გამოიკვლიე, მოიყვანე არგუმენტები.
მაგალითად; თემა ,,ავტობიოგრაფია’’;
მოსწავლემ უნდა:
-
დაასახელოს
ის პუნქტები, რომლებიც აუცილებლად უნდა შედიოდეს ავტობიოგრაფიაში (პირველი დონე - ცოდნა);
-
ახსნას,
რატომ არის ღირებული უნაკლო ავტობიოგრაფია (მეორე დონე - გაგება);
-
მისი
საკუთარი ბიოგრაფია ტაბელურად შეადგინოს (მესამე დონე - გამოყენება);
-
ხელთ
არსებული ბიოგრაფია გააანალიზოს, შეიცავს თუ არა იგი ჭარბ მონაცემებს ან თუ აკლია რაიმე
მონაცემი (მეოთხე დონე - ანალიზი):
-
ორი
ბიოგრაფიის ერთმანეთთან შედარებით ჩამოაყალიბოს სანიმუშო საზოგადო მოღვაწის სახე (მეხუთე
დონე - სინთეზი);
-
გადაწყვიტოს,
შეიძლება თუ არა მის მიერ შედგენილი და ხელით დაწერილი ავტობიოგრაფია ამ სახით გაგზავნოს
(მეექვსე დონე - შეფასება)
ამრიგად, ცოდნას, გაგებას
და გამოყენებას შეიძლება ვუწოდოთ აზროვნების ქვედა (დაბალი) დონის სააზროვნო უნარები,
ხოლო ანალიზს, სინთეზს და შეფასებას - ზედა (მაღალი) დონის სააზროვნო უნარები.
როგორც ჩანს,
სააზროვნო დონეები ერთმანეთისაგან იზოლირებული არ არის: რომელიმე ერთი დონის შესაბამისი
აქტივობა ხშირად მოიცავს ისეთ ქვეაქტივობებს, რომლებიც სხვა დონეებს შეესაბამება. ცოდნა
ამ დონეების საფუძველს წარმოადგენს, რადგან სასწავლო მასალის (თუნდაც მცირე) ნაწილის
ცოდნის გარეშე შეუძლებელია უფრო მაღალი დონის სააზროვნო აქტივობათა რეალიზაცია. გარდა
ამისა, ერთი და იგივე დავალება შეიძლება ეკუთვნოდეს სხვადასხვა დონეს იმის მიხედვით,
როგორია მოსწავლის წინმსწრები ცოდნა.
მოგვიანებით ბლუმმა და მისმა კოლეგებმა ასეთივე ტაქსონომია
შეადგინეს სხვა სფეროებშიც.
აფექტური (ემოციურ -
ღირებულებითი) სფეროს ტაქსონომია
აქ შედის გარესამყაროს მოვლენებისადმი ემოციურ - პიროვნული
დამოკიდებულების ფორმირების მიზნები: აღქმა, ინტერესი, რეაგირებისადმი მზაობა, ღირებულებები,
დამოკიდებულებები, გრძნობები, მათი გაცნობიერება, ფორმირება და ქცევაში გამოვლენა.
სასწავლო მიზნების ძირითადი კატეგორიებია:
აღქმა: აქ იგულისხმება
მოსწავლის მზაობა აღიქვას ესა თუ ის მოვლენა. მასწავლებლის მიზანია, მიიზიდოს მოსწავლის
ყურადღება.
რეაგირება: მოსწავლე ავლენს
აქტივობას, ის არა მხოლოდ აღიქვამს, არამედ ავლენს საგნისადმი ან მოვლენისადმი ინტერესს.
ღირებულების
გააზრება-რეფლექსია: ღირებულებების
გააზრება-მიღება, უპირატესობის მინიჭება.
ღირებულებათა
სისტემის ორგანიზება: ღირებულებების
გააზრება და გამთლიანება, მათ შორის წინააღმდეგობების დაძლევა. ღირებულებების ფორმირება
მათი მნიშვნელობისა და სიმყარის საფუძველზე.
ღირებულებათა
სისტემის გათავისება და ქცევაში ასახვა: აქ ხდება ღირებულებების სრული გათავისება და მოქმედებაში
გამოვლენა.
მოტორული
სფეროს ტაქსონომია
სასწავლო მიზნების ძირითადი კატეგორიებია:
იმიტაცია: სხვისი მოქმედების მიბაძვა და გამეორება.
მანიპულაცია: მოქმედების აღდგენა მითითების ან მეხსიერების მიხედვით
სიზუსტე: ჩვევის დამოუკიდებლად განხორციელება.
ჩვევების
კომბინირება: ახალი, არასტანდარტული
მიზნის მისაღწევად ჩვევის ინტეგრირება.
ნატურალიზაცია:
ავტომატიზირება, ცნობიერების
მონაწილეობის გარეშე საჭიროებისამებრ მოქმედების განხორციელება; უმუშავდება მუშაობის
საკუთარი სტილი.
რაში ეხმარება პედაგოგს ბლუმის ტაქსონომიის ცოდნა.
მისი დახმარებით შესაძლებელია;
-
სუფთა
რეპროდუქტიული მიღწევები კოგნიტური მიღწევებისგან განასხვავოს;
-
გაკვეთილები
(თემები) სირთულის ხარისხით შეგნებულად დაგეგმოს;
-
გადაამოწმოს
განსაზღვრული არსებული ცოდნა შესაბამისი მიზნებისათვის გამოდგება თუ არა;
-
მოსწავლეებს
დააკვირდეს, აქვთ თუ არა უნარი განსაზღვრული ინტელექტუალური მიღწევებისათვის;
-
განსაზღვრულ
ინტელექტუალურ უნარ-ჩვევებზე შეგნებულად ივარჯიშონ;
-
გაკვეთილი
მარტო ცოდნის დონით არ შემოიფარგლოს;
-
საშინაო
და საკლასო დავალებები და გამოცდები ისე იყოს ფორმულირებული, რომ შეიძლებოდეს მისი
მიღწევის დონეებად დალაგება;
-
სწავლის
შედეგები ობიექტურად შეფასდეს;
-
კოლეგებთან
მოხდეს თანამშრომლობა მიღწევის დონეების შესახებ;
-
სასწავლო
გეგმები გააანალიზდეს იმის მიხედვით, თუ რამდენად დაძლიეს ინტელექტუალურად (კოგნიტურ
სფეროში) მოსწავლეებმა ის, რაც მათ მოეთხოვებოდათ და ა.შ.
თეორეტიკოსებმა
ბლუმის ტაქსონომია რამოდენიმე მიზეზით გააკრიტიკეს:
1.სწავლება არ არის თანამიმდევრული. ბლუმის იერარქია ხელოვნურად
აწყობილს ჰგავს. ის ძალიან ლინეალურია (ხაზობრივია).
ადამიანს შეუძლია
ცოდნიდან გამოყენებაზე გადავიდეს, შემდეგ გააანალიზოს გამოყენება, მივიდეს დასკვნამდე
(შეფასებამდე) და შემდეგ გააანალიზოს დასკვნა ამ ინფორმაციის სინთეზით.
2.ბლუმის ტაქსონომია არასრულყოფილია. იგი კონცენტრირებას
ახდენს სწავლაზე, მასში მოტივაციაზე და კლასის
მენეჯმენტზე არაფერია ნათქვამი.
3.ინდივიდუალისტურია - სოციალური სწავლების თეორიისგან
განსხვავებით ბლუმის ტაქსონომია ფოკუსირებას ახდენს იმაზე, თუ როგორ სწავლობს ინდივიდი.
იგი არ ითვალისწინებს სოციალურ გარემოს.
დღეს მეცნიერებაში დიდი დავის საგანია, რომელი სააზროვნო
უნარი უნდა იდგეს უფრო მაღლა - სინთეზი თუ შეფასება. ერთმნიშვნელოვნად ამის მტკიცება
რთულია - სინთეზი და შეფასება შესაძლოა გადანაცვლდეს იმისდა მიხედვით, თუ რა სახისაა
შეფასება. თუ შეფასება არ არის სტრატეგიული და არ უკავშირდება გადაწყვეტილების მიღებას,
მაშინ იგი უფრო ნაკლებად რთული სააზროვნო ოპერაცია
იქნება, ვიდრე სინთეზი.
განათლების სპეციალისტები ხშირად კამათობენ ე. წ. მაღალი
დონეების თანმიმდევრობის შესახებ.
ზოგი კრიტიკოსი მიიჩნევს სამ ყველაზე დაბალ საფეხურს
იერარქიულად დაწყობილს, მაგრამ სამ ყველაზე
მაღალ საფეხურს პარალელურად.
უდაოა, რომ ბლუმის ტაქსონომიამ დიდი როლი ითამაშა განათლების
სისტემაში. იგი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მისი ნაკლოვანებები.
მას წარმატებით იყენებენ სასწავლო გეგმების შექმნის,
სასწავლო პროგრამების შემუშავების და მათი შედეგების შეფასების, გაკვეთილის დაგეგმვისა
და ტესტური დავალებების შედგენისას. ამავე დროს, ბლუმის ტაქსონომიას იყენებენ ორგანიზაციებში
თანამშრომლების ტრენინგის დაგეგმვის, ტრენინგის პროგრამის შემუშავებისა და ტრენინგის
შედეგების შეფასებაში.
P.S. ჩემის აზრით, შეფასება მართლაც ყველაზე რთული საფეხურია, რადგან შემფასებელი კარგად უნდა ერკვეოდეს იმ თემაში, რასაც ის აფასებს.
ბლუმის იდეა ცხადია: დამახსოვრებისა და ცოდნის გარეშე შეუძლებელია გაგება, მის გარეშე
კი -გამოყენება, საწყისი დონეების დაძლევის გარეშე კი შეუძლებელია ანალიზი და სინთეზი.
ყველა დასახელებული საფეხურის გარეშე კი წარმოუდგენელია მოვლენებისა თუ ფაქტების შეფასება.
მართლაც დამოუკიდებელი შეფასების უნარი საგანმანათლებლო მიზნების უმაღლესი წერტილია.
იგი ერთგვარი კრებულია ყველა საფეხურისა. და რას ფიქრობთ თქვენ?
ლიტერატურა:
Anderson, L. W. Krathwal, D. R. Mayer, R. E. (2001) A
Taxonomy of Learning, Teaching, and Assessing: A Revision of Bloom’s Taxonomy
of Educational Objectives. New York.
ძალიან საინტერესოა ბლუმის ტაქსონომიის გამოყენება ერთი ჩვეულებრივი გაკვეთილის დასაგეგმად. !
ReplyDelete