Tuesday, March 27, 2018

ცოდნის აგების პროცედურები ანუ რა სურთ მოსწავლეებს

რამდენად განსხვავებულია ან მსგავსია მოსწავლეთა სურვილები სწავლასთან მიმართებაში?  რაზეა დამოკიდებული ეს მსგავსება ან განსხვავება? რას ამბობს კვლევები და როგორია რეალური ისტორიები?
მოსწავლეთა შესაძლებლობები, სწავლის სტილი და ღირებულებები სხვადასხვაა, მაგრამ კვლევებით დგინდება, რომ სწავლა-სწავლების პროცესში  მოსწავლეებს მოსწონთ  ისეთი მიდგომა, რაც შემდეგი  ოთხი პრინციპის თანმიმდევრულ დაცვას გულისხმობს:
პირველი პრინციპია  – რთული საკითხების/ ახალი  თემების შესწავლა  მარტივი აქტივობებით დაიწყოს მასწავლებელმა.   სწავლების მარტივი საფეხურიდან დაწყება   არ ნიშნავს, რომ  მოსწავლეთა ცოდნა, უნარები ან გამოცდილება და შესაძლებლობები დავაკნინოთ. ეს ნიშნავს  ინკლუზიური გარემოს შექმნის მნიშვნელოვან დასაწყისს ანუ ამით  მოსწავლეთა ცოდნის აგების პროცესის „ათვლის წერტილი ფიქსირდება“.   მოსწავლეებს მოსწონთ კონკრეტული მაგალითები.  ანალოგიების გამოყენებაც ძალიან  ეფექტურია.
 ბიოლოგიის  მასწავლებელი გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას –    „ სისხლის მიმოქცევის სისტემის ახსნამდე გამოვიყენე შემდეგი ანალოგია: სისხლის მიმოქცევა  მდინარის  სისტემას ჰგავს იმ თვალსაზრისით, რომ ის ორივეს, საკვებსაც და ნაგავსაც ატარებს და მისი გადატვირთვა და არასწორად გამოყენებაც ერთნაირად არის შესაძლებელი.  ვიცოდი რომ  ჩემმა მოსწავლეებმა გასულ სასწავლო წელს შეისწავლეს  მდინარეთა სისტემები და  პროექტიც დაამუშავეს და ამიტომ  ამ კუთხით  მსგავსი მაგალითით მე  მათ სისხლის მიმოქცევის შესახებ ელემენტარული წარმოდგენა შევუქმენი”
მეორე პრინციპი –  საკითხის ახსნისას კონკრეტული მაგალითების გამოყენებაა. ეს ნიშნავს, რომ  მასწავლებელი სწავლებისას იყენებს  მასალებს, სიმულაციებს, მოდელებს ან არტეფაქტებს, რომლებიც  შესასწავლი საკითხის/ ცნების ან განზოგადების ილუსტრირებას ახდენს, რასაც იმ დროს ასწავლის მასწავლებელი.
მესამე პრინციპი – სწავლებაში საკითხის  თანდათანობით გართულებაა. ამის გაკეთება ხდება  დამატებითი მახასიათებლების შემოტანით, ახალი კრიტერიუმების წარმოქმნით ან კონკრეტული გაკვეთილის შინაარსსა და სხვა შინაარსს შორის კავშირის დადგენით. მაგალითად, სისხლის მიმოქცევაზე მსჯელობისას შეიძლება გულის, ღვიძლისა და სისხლის მიმოქცევაში ჩართული სხვა ორგანოების ფუნქციებიც განვიხილოთ. ამით თემა გაცილებით რთულდება; თითოეულ ახალ ორგანოს, რომელსაც მოსწავლეებს ვაცნობთ, ემატება ფუნქციებიც და  შეიძლება  მასწავლებელს  საწყის (ანალოგიასთან) ან მეორე ეტაპზე  განხილულ   საკითხებთან  დაბრუნება დასჭირდეს.
მეოთხე პრინციპი –   აბსტრაქტული ცნებების შემოტანას გულისხმობს. მაგალითად, კითხვა – `როცა ავად ხართ, რატომ იწყებს ექიმი თქვენს გასინჯვას წნევის გაზომვით და გულისცემის დათვლით? მოსწავლეს უბიძგებს საკუთარ ცოდნაზე დაყრდნობით მოახდინოს საკითხის აბსტრაგირება და არგუმენტირებულად დაასაბუთოს პასუხი.
შედეგი – მოსწავლეებს მოსწონთ სასწავლო პროცესი თუ  მასწავლებელი  თანამიმდევრულ ციკლებად დაყოფისისას დაიცავს  ოთხ პრინციპს:
  1. დაიწყეთ მარტივი საფეხურით;
  2. გამოიყენეთ კონკრეტული მაგალითები;
  3. გაართულეთ გაკვეთილი;
  4. შემოიტანეთ აბსტრაქტული ცნებები.
აქვე უნდა აღინიშნოს: ზოგიერთი საკითხი იმდენად რთულია, რომ შეიძლება წლები დასჭირდეს ოთხივე პრინციპის გამოყენებას, რათა მისი გააზრება და საბოლოოდ დაუფლება მოხერხდეს.
მაგალითად, შეუძლებელია დემოკრატიის ცნების  რამოდენიმე გაკვეთილზე ამომწურავად შესწავლა. დემოკრატიის არსის შესწავლა სკოლაში შესვლამდე იწყება, მიმდინარეობს  სკოლამდელ, სასკოლო და უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის მანძილზე და ყოველ მომდევნო დონეზე  უფრო რთულდება და აბსტრაქტული ხდება.
ზოგჯერ კი, შეიძლება ოთხივე პრინციპი ერთ გაკვეთილზე გამოიყენოთ, როგორც ეს, მაგალითად, სისხლის მიმოქცევის ახსნისას  ან კვადრატული განტოლების ამოხსნის  სწავლებისას ხდება.  ყოველ საგანს თუ სფეროს მსგავსი ძირითადი ფაქტები, ცნებები და განზოგადებები აქვს, რითაც გაჟღენთილია მთელი სასწავლო გეგმა. ჩვენი სურვილია, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ ამ ოთხი პრინციპის ურთიერთქმედების გააზრება მასწავლებელს სწავლებაში ეხმარება.
რა ეხმარება მასწავლებელს ამ ოთხი პრინციპის დაცვაში?
ფაქტები. ინფორმაციის ყველაზე მთავარი, არსებითი ნაწილია ფაქტი, რომელიც გამოვლინდება და არსებობს ან ხდება აწმყო დროში. ფაქტი არ გვეხმარება სხვა ფაქტების პროგნოზირებაში და მისი შესწავლა უმეტესად დაკვირვებით ხდება. ქვემოთ მოტანილი წინადადებები ფაქტების მაგალითია:
  1. ოლიმპია ვაშინგტონის შტატის დედაქალაქია.
  2. პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ტეხასის შტატის გუბერნატორი იყო.
  3. დღეს მზე 4 საათსა 15 წუთზე ჩავიდა.
იმის გამო, რომ ფაქტების ცოდნას არ მივყავართ სხვა ფაქტების პროგნოზირებისკენ, მათი შესწავლა, უმთავრესად, დამახსოვრებით ხდება. ფაქტის შესწავლის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი გზაა ზეპირი გამეორება. მისი დამახსოვრება ადვილია, თუ სხვა შინაარსსაც უკავშირდება.
ცნება/კონცეფცია: ცნება/კონცეფცია გამოთქმაა, რომელიც, ჩვეულებრივ ერთი ან ორი სიტყვისა თუ აზრისგან შედგება და   საერთო თავისუბერებები აქვთ.  ხშირად  კონცეფცია/ცნება განმარტებულია,  როგორც კატეგორიის მიმანიჭებელი სიტყვა, რომელსაც საგნების და  იდეების დასაჯგუფებლად იყენებენ.
როგორც ჩანს, ადამიანის ტვინში ცნების/კონცეფციის ფორმირება ბუნებრივი პროცესია. მაგალითად, ბავშვები ნაცნობ ცხოველებზე, ვთქვათ, ძაღლებსა და კატებზე დაკვირვებით აყალიბებენ წარმოდგენას მათ შესახებ. ბავშვები ძაღლისა და კატის გარჩევას მათთვის დამახასიათებელი ყეფისა თუ კნავილის, ქცევის განსხვავებული ფორმებისა თუ სხვა თავისებურებების საშუალებით სწავლობენ. ისინი მხოლოდ ერთ მახასიათებელს, მაგალითად, ზომას, არ ენდობიან. თუ ბავშვი ხედავს, რომ კონკრეტული ძაღლი კონკრეტულ კატაზე დიდია, ეს არ არის ის ერთადერთი ფაქტორი, რომლის მიხედვით ის ამ ცხოველებს ერთმანეთისგან განასხვავებს. სკოლაში სწავლის უმეტესი დრო ცნების შესწავლას ეთმობა. მაგალითად, დამწყებ კლასში მეტყველების ნაწილების შესწავლისას მოსწავლე სწავლობს, რომ სახელი არის `პირი/პიროვნება”, `ადგილი” ან `საგანი”. ცნებას ხუთი კომპონენტი აქვს.
1. სახელი. მაგალითად, არსებითი სახელი ცნების სახელი ან სახელწოდებაა. მათ, ვისაც ცნება აქვთ ნასწავლი, როცა ის გამოიყენება,ესმით, რაზეა საუბარი. სახელი/ სახელწოდება უფრო ქმედითია, ვიდრე ვრცელი განმარტება.
2. განმარტება. განმარტება განცხადებაა ცნების დამახიათებელ თვისებებზე. მაგალითად, არსებითი სახელი არის პირი, ადგილი ან საგანი.
3. დამახასიათებელი ნიშნები. ეს ხარისხი, თავისებურებაა, რომელიც აუცილებელია ცნებისთვის, რომ ის გამოყენებული იქნეს. მაგალითად, არსებითი სახელის დამახასიათებელია, რომ ის პირი, ადგილი ან საგანია . მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი უნდა ეხებოდეს სიტყვას, იმისთვის, რომ ის სახელად იქნეს მიჩნეული. ხოლო სხვა ცნებებისთვის, მაგალითად, “დემოკრატია”, გარკვეული რაოდენობის მახასიათებელია საჭირო.
მაგალითები. მაგალითი საგანთა კლასის წევრია, რომელიც გვიჩვენებს ცნების აუცილებელ დამახასიათებელ ნიშნებს. მაგალითად: `ტომი არსებითი სახელის მაგალითია, როგორც მანქანა და ისლანდია”.
4. ადგილი იერარქიაში. ცნებათა უმეტესობა განეკუთვნება შინაარსის იერარქიას, რომელიც ცნებას მნიშვნელობას ანიჭებს და სასწავლებლად აიოლებს. იერარქია არსებითი სახელისთვის არის მეტყველების ნაწილი. არსებით სახელთან დაკავშირებული ან კოორდინირებული ცნებებია ზმნა, ზმნიზედა და ზედსართავი სახელი. ქვემდებარე ცნებებია საზოგადო არსებითი სახელი, საკუთარი არსებითი სახელი და ნაცვალსახელი. თქვენ გაეცნობით ცნების ანალიზს;
ცნების შესწავლა ყველა კლასის დონეზე მიმდინარეობს. ბირკილი (2007) განმარტავს, თუ რატომ არის სასურველი კონცეპტუალურად გამართული სასწავლო პროგრამა, სადაც ფაქტები კონცეპტუალურ ჩარჩოებშია მოთავსებული. ამგვარი ჩარჩოების არსებობის პირობებში შესაძლებელია იმ დაბრკოლებების გადალახვა, რომლებიც პირველადი ცნებებისა და რთული საკითხების შესწავლისას გვხვდება მეცნიერებაში, ბუღალტერიაში, ეკონომიკასა და სხვა დისციპლინებში სკოლის შემდგომ, კოლეჯში სწავლის დროს.
5. განზოგადება. განზოგადება ლოგიკური მსჯელობის შედეგად გაკეთებული განცხადებაა, რომელიც ორ ან ორზე მეტ ცნებას შორის არსებულ კავშირს გამოხატავს. ის ერთზე მეტ მოვლენას ეხება და საწინასწარმეტყველო და განმარტებითი ღირებულებაც აქვს. მაგალითად, “არამწეველებთან შედარებით მწეველთა შორის ფილტვის სიმსივნე უფრო ხშირია”, განზოგადებაა, რომელიც ადგენს კავშირს მოწევასა (ცნება) და ფილტვის სიმსიმვნეს (მეორე ცნება) შორის. ამ განცხადებას აქვს პროგნოზირების უნარი და ეხება ყველას, ვინც ეწევა. განზოგადებების გამოყენების კარგი მაგალითები აქვს მოტანილი ჯეიმს ბენკს თავის წიგნში “სწავლების სტრატეგიები ეთნიკური საკითხებისთვის”. ბენკსი გვთავაზობს შემდეგ განზოგადებებს ემიგრაციასა და მიგრაციაზე საუბრისას: “ნებისმიერ კულტურაში ხდებოდა ინდივიდისა თუ ადამიანთა ჯგუფების გადაადგილება ერთი რეგიონიდან მეორეში მათთვის უკეთესი და უფრო ხელსაყრელი ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სოციალური შესაძლებლობების მოძიების მიზნით. თუმცაღა, მათი გადაადგილებები ნებაყოფლობითიც იყო და იძულებითიც. ამ ზოგადი განცხადების გათვალისწინებით, მოსწავლე, ალბათ, მასწავლებლისგან მოითხოვს უფრო მეტ ინფორმაციას იძულებითი თუ ნებაყოფლობითი გადაადგილების შესახებ, და არა მარტო იმ ქვეყნისას, რომლის განვითარების ისტორიასაც იმჟამად სწავლობს“.
მაშასადამე, ბენკსის განცხადებას საწინასწარმეტყველო ღირებულებაც აქვს და ერთზე მეტ მოვლენას ეხება. ეს განცხადება შეიცავს ბევრ სხვა ცნებას, კერძოდ, კულტურებს, ინდივიდებსა და ჯგუფებს, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ შესაძლებლობებს; იძულებითსა და ნებაყოფლობითს. განცხადება ინფორმაციას გვაწვდის იმ კავშირების შესახებ, რაც ამ ცნებებს შორის არსებობს. როცა მოსწავლე ფაქტებიდან ცნებებზე და შემდეგ განზოგადებებზე გადადის, იზრდება ინფორმაციის მოცულობა და ის უფრო რთულიც ხდება. ბლუმის ტაქსონომია რომ მოვიხმოთ, ფაქტი ცოდნის დონეზეა, ცნება – გაგების და განზოგადება – გამოყენებისა და ანალიზის. მოსწავლეს შეუძლია ფაქტის, ცნების განზოგადებების გახსენება, მაგრამ ფაქტი და ცნება არ არის საკმარისი გამოყენებისა და ანალიზისთვის, რადგან არც ერთ მათგანს არ აქვს საწინასწარმეტყველო ან განმარტებითი ღირებულება.
ანუ როგორია პასუხი უმნიშვნელოვანეს კითხვებზე ანუ – რამდენად განსხვავებულია ან მსგავსია მოსწავლეთა სურვილები სწავლასთან მიმართებაში? რაზეა დამოკიდებული ეს მსგავსება ან განსხვავება? რას ამბობს კვლევები და როგორია რეალური ისტორიები?
მოსწავლეთა გამოკითხვები და განათლების სფეროში ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ მთავარია მასწავლებელმა ისე წარმართოს სწავლა-სწავლების პროცესი, რომ მოსწავლეებს ასწავლოს საკუთარი სწავლის პროცესის მართვის უნარი… ანუ მოსწავლისათვის მნიშვნელოვანია მეტაკოგნიცია რაც გულისხმობს სწავლის ეფექტური სტრატეგიების ცოდნასა და გამოყენებას. სწავლის სტრატეგია კი გულისხმობს შემეცნებითი პროცესების მიზანმიმართულად გამოყენებას სწავლის დროს. ცხადია, მოსწავლეები თავიდან ამგვარი სამუშაოების ჩატარებას დამოუკიდებლად, მასწავლებლის დახმარების გარეშე ვერ შეძლებენ, მაგრამ ეს უნარ-ჩვევა დროთა განმავლობაში ვითარდება. პედაგოგმა დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, რომ მოსწავლეებმა არა მხოლოდ ისწავლონ მასალა, არამედ გამოიმუშაონ თავიანთი სწავლის პროცესის მართვის უნარები.
წყარო:edu.aris.ge/

საინტერესო პრეზენტაციის გაკეთებისთვის აუცილებელი გზები

არსებობს პრეზენტაციის ჩატარების ორი გზა – შემეცნებითი და გაყიდვადი. პირველ მიდგომას იყენებენ სკოლის მასწავლებლები, უნივერსიტეტების პედაგოგები და მეცნიერები, მოსწავლეები და სტუდენტები, მეორეს – ბიზნესმენები. ორივეს მსგავსი მიზნები აქვს: ინფორმირება, დარწმუნება, ჩართვა, შთაგონება მოქმედებისკენ. თუმცა, მასწავლებლების პრეზენტაციები, ბიზნესის წარმომადგენლებთან შედარებით, ნაკლებადაა დამუშავებული. ყველაზე ხშირად, ისინი ბევრ ტექსტს და ცოტა გამოსახულებას შეიცავს, გამოირჩევა ძალიან სუსტი დიზაინით. რატომ ხდება ასე? არსებობს პრეზენტაციის ჩატარების უამრავი საერთო პრინციპი. გთავაზობთ რამდენიმეს:

პრეზენტაციის ჩასატარებლად აუცილებელი შინაარსის ფლობის უნარი. კარგი მასწავლებელი ინფორმაციას200%-ით ფლობს.

ბუნებრივია, ადამიანები, რომლებსაც სურთ გაყიდონ პროდუქცია ან მომსახურება, უნდა ფლობდნენ ინფორმაციას. ეს გამომსვლელს თავდაჯერებას მატებს და ეხმარება მსმენელის დარწმუნებაში. მასწავლებლები ბიზნესმენებს ამ საკითხში არაფრით ჩამოუვარდებიან. ვინ, თუ არა მასწავლებელმა, შინაარსი ყველაზე უკეთ იცის? გამოცდილმა პედაგოგმა არა მხოლოდ საკუთარი მასალა იცის, არამედ თავიდანვე ხვდება, რა შეიძლება გაურთულდეს თავის მოსწავლეს. ისინი კავშირს ამყარებენ სხვა თემებთან და საგნებთან. ეს მასწავლებლების ერთგვარი პრივილეგიაა.
პრეზენტაცია – დიალოგი თანაბარ პირობებში
ეს რთული პრინციპია. საქართველოს სკოლებში საუბარი-პრეზენტაცია თანაბარ პირობებში ცოტა წარმოუდგენლად ჟღერს. საქმე მხოლოდ ის არ გახლავთ, რომ სოციალურ-ასაკობრივი იერარქია ყველა სფეროში იჩენს თავს. მასწავლებლები და მშობლები ბავშვების სიცოცხლესა და ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ცოდნის და გამოცდილების გაზიარებაზე არიან პასუხისმგებლნი, შესაბამისად, ნებისმიერი მოზრდილი ადამიანი ბავშვების დიდ ჯგუფში მოხვედრისას ინსტინქტურად იწყებს მათთვის მიმართულების მიცემას და მართვას, ეს კი უკვე გამორიცხავს თანაბარ პირობებში ურთიერთობას. სავარაუდოდ, ეს უფრო ნიშნავს  პატივისცემის დამსახურებას, დისციპლინის კონტროლს, შენიშვნების მიცემას, სათანადო დროს „არა“-ს თქმას.
სამწუხაროდ, პრეზენტაციის ჩატარებისას ძალიან გავრცელებული შეცდომაა „მასწავლებელი-ბოსის“ როლის მორგება. კარგი საგანმანათლებლო პრეზენტაციის დროს მასწავლებელი არ დომინირებს მსმენელზე, არ ცდილობს მოახვიოს საკუთარი აზრი. გაყიდვებს თუ შევადარებთ – ეს შეთავაზებაა, აუდიტორიისთვის საჭირო პროდუქტის რეკლამა. ეს არ არის უსარგებლო ნივთის გაყიდვის მიზნით ჩატარებული მანიპულაცია, არამედ სასარგებლოს გაზიარების გულახდილი სურვილია.
გთხოვთ, შემაწყვეტინოთ
გამომსვლელები შემეცნებით და მეცნიერულ პრეზენტაციებში ამ პრინციპს ხშირად არღვევენ. დაფასთან მდგარი „პულტიანი“ მასწავლებელი რატომღაც ხელშეუხებელი ხდება. პრობლემა მხოლოდ მასწავლებელი როდია, რომელსაც არ სურს თავისი ავტორიტეტის შელახვა. ხშირად გამომსვლელი გამყოფ ხაზს ავლებს აუდიტორიასთან და კითხულობს მონოტონურ მონოლოგს, რადგანაც ეშინია, რომ ვერ შეძლებს კლასის მობილიზებას. განსაკუთრებით ეს ეხება დაბალი და საშუალო კლასების მოსწავლეებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ აქვთ განვითარებული ყურადღების კონცენტრირების უნარი.
პრინციპის რეალიზებისთვის საჭიროა დისკუსიის მართვა. სკოლებსა და უნივერსიტეტებში შეგიძლიათ ითხოვოთ, რომ პრეზენტაცია არ შეგაწყვეტინონ. ამავდროულად, აუცილებელია ინფორმაციის გაცვლის შეთავაზება და დიალოგის ორგანიზება. შეგიძლიათ უთხრათ მოსწავლეებს, რომ ჩაინიშნონ პრეზენტაციის განმავლობაში გაჩენილი კითხვები. თუ კითხვები არ ექნებათ, ეს პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ ინფორმაციამ უკვალოდ ჩაიარა, მსმენელისთვის ის უმნიშვნელო იყო.
მთავარი გმირი თვითონვე ხართ
სკოლის მასწავლებლებს შორის მხოლოდ რამდენიმე გვამახსოვრდება. რა აქვთ საერთო ამ მასწავლებლებს? ალბათ ისინი საინტერესო ადამიანები იყვნენ და აუდიტორიის გარეთაც თავიანთი პროფესიით ცხოვრობდნენ. ეს ყველაზე მოქმედი პრინციპია. მხიარულ, ქარიზმატულ მასწავლებელს აუდიტორია ყველაფერს აპატიებს: უზუსტობას, გაზვიადებას, საუბრის არასრულყოფილ ტექნიკას, გადამეტებულ ემოციურობას. ეს ნამდვილი ჯადოქრობაა.
საკვირველია, მაგრამ ამ წესის დაცვა მარტივია. საკმარისია, იყოთ ის, ვინც ხართ. გაუზიარეთ მოსწავლეებს თქვენი პირადი გამოცდილება, მოყევით რომელმა ისტორიულმა ფაქტმა გაგაოცათ, რომელი ლექსი დაგამახსოვრდათ ან რა საგანმა იქონია თქვენზე დიდი გავლენა. მთავარია, არ იცრუოთ. ინტერესი ჩნდება ცოცხალი ადამიანის მიმართ, ცოცხალი ადამიანი კი არ შეიძლება იყოს სრულყოფილი, იდეალური. მას შეცდომებიც მოსდის და ამის აღიარებაც შეუძლია. მასწავლებელი საუბრისას შეიძლება წაბორძიკდეს, ეს ნორმალურია. ეს მას აახლოვებს მსმენელთან, რომელიც ხედავს საკუთარ შეცდომებს და იმასაც, როგორ შეიძლება მათი გამოსწორება. მაშინ მოსწავლე „გმირ“ მასწავლებელში საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიასაც დაინახავს და ეცდება იყოს მისი „ხატების“ შესაბამისი.
თქვენი სამიზნე აუდიტორია შედგება ცოცხალი ადამიანებისგან
ამ პრინციპის გამოყენების შესაძლებლობა სკოლებსა და უნივერსიტეტებში ნამდვილად არსებობს. კარგი მასწავლებლები იცნობენ თავიანთ მოსწავლეებს, ახსოვთ, როგორ იზრდებოდნენ ისინი, როგორ ეცნობოდნენ მათ ოჯახებს. ეს კი დიდი უპირატესობაა პრეზენტაციის მომზადებისა და ჩატარების დროს. ადამიანთან ურთიერთობაზე დაყრდნობით კომუნიკაცია უფრო ეფექტიანი ხდება. მსმენელთან მყარდება ემოციური კავშირი.
როგორც წესი, მასწავლებლები და მოსწავლეები ერთმანეთს დიდი დროის განმავლობაში იცნობენ, ამიტომ გამოსვლის დროს ორატორის თვითპრეზენტაციაზე დრო აღარ იხარჯება.
დიდი მნიშვნელობა აქვთ ტექნოლოგიებს
დაკვირვების თანახმად, მასწავლებლების თითქმის 80%-ს აშინებს პრეზენტაციების გაკეთება  და თუ აკეთებენ, აშინებთ ცოცხალი ილუსტრაციების გამოყენება. მათ ეშინიათ ცარიელი სივრცის და ცდილობენ ყოველი სანტიმეტრი ეკრანზე ტექსტით შეავსონ. მასწავლებლები ნაკლებად ფიქრობენ შრიფტზე, არ ფიქრობენ პრეზენტაციის შაბლონების გარეშე გაკეთებაზე. Power Point ფართო შესაძლებლობების მქონე არაჩვეულებრივი პროგრამაა, მაგრამ ბევრი პედაგოგი (და მათი შემყურე მოსწავლეც) იმაზე შორს არ მიდის, რომ გამოიყენოს პირველივე მოცემული შაბლონი და სწორედ ის შეავსოს ტექსტით.
ეს ეხება ყველა სფეროს, სადაც პრეზენტაციები გამოიყენება, არა მხოლოდ განათლებას. შესაძლოა, შინაგანი ხმა გვეუბნება „მე ხომ არ ვარ დიზაინერი“ ან „მე არასდროს მეხერხებოდა ხატვა“ და ვირჩევთ პროფესიონალების მიერ შექმნილ შაბლონებს, მაგრამ, ძალიან ცუდია, როდესაც უკვე მეასედ იყენებთ ერთსა და იმავე შაბლონს (იმავე შრიფტით, ხაზებით, ბლოკებით). შეიცოდეთ თქვენი მოსწავლეები. დაგუგლეთ „პრეზენტაციის შაბლონები“ (ან „უჩვეულო პრეზენტაციის შაბლონები“ – „unusual presentation templates“) და მოძებნეთ ისეთი შაბლონი, რომელიც აქამდე არასდროს გამოგიყენებიათ, ისეთი, რომელიც თემას, თქვენს ხასიათს შეეფერება. სცადეთ პრეზენტაციის გაკეთება სხვა პროგრამაში.
ნუ შეგეშინდებათ შაბლონებს გარეთ გაღწევის და დაინახავთ, როგორ მოეწონება ეს თქვენს მოსწავლეებს.
რა უფრო მნიშვნელოვანია, იყოთ სამართლიანი თუ წარმატებული?
რთულია გაუგო მასწავლებელს, რომელიც კლასში ძალაუფლების დემონსტრირებას ახდენს. მასწავლებელი ეს არის უფროსი ადამიანი აუდიტორიაში, გამოცდილი, პატივსაცემი პერსონა, რომელიც ფლობს ცოდნას. ამიტომ კონტროლისთვის დამატებითი ზომების მიღება სრულიად ზედმეტია. რადგან ამ დროს ბავშვები (და სტუდენტები) მასწავლებლის მხრიდან არცოდნის კომპენსირების მცდელობას და თავდაჯერებულობის ნაკლებობას გრძნობენ. ისინი ინტუიციით გრძნობენ უსამართლობას და დიდებისგან განსხვავებით, ამ თავიანთ აღმოჩენას არ მალავენ. პირიქით, აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ სიცრუე გამოვლინდეს.
ეცადეთ, სამართლიანი იყოთ და არ გაექცეთ სიმართლეს, როგორი უხერხულიც არ უნდა იყოს. ხშირ შემთხვევაში ბავშვებს (განსაკუთრებით უფროსკლასელებს) ესმით, რაც არის ცხოვრება, ხანდახან კი მასწავლებლებზე უკეთაც. მათ იციან, როგორ არის მოწყობილი სამყარო. ამიტომ ზოგი რამის დამალვას აზრი აღარ აქვს.
თუმცა, სიმართლის თქმისას აკონტროლეთ თავი. ეცადეთ, არ ისაუბროთ ავადმყოფობებზე, ოჯახურ და პირად პრობლემებზე – ეს აღიქმება როგორც თანაგრძნობის გამოწვევის მცდელობა. ფრთხილად იყავით პოლიტიკაზე, შემოსავლებზე და რელიგიაზე საუბრისას. ამან შეიძლება კონფლიქტის პროვოცირება გამოიწვიოს.
წყარო:http://mastsavlebeli.ge

Thursday, March 15, 2018

რომელი უცხო ენა უნდა ვასწავლოთ ბავშვს და რა ასაკიდან? - წაიკითხეთ სპეციალისტების რეკომენდაციები

ამბობენ, უცხო ენის სწავლას რაც უფრო პატარა ასაკიდან დაიწყებს ბავშვი, მით უფრო მარტივად და კარგად ისწავლისო. დროის ცვლასთან ერთად უცხო ენების პრიორიტეტულობაც იცვლება, ამ ეტაპზე ყველაზე მოთხოვნად და საერთაშორისო ენად ინგლისურია აღიარებული, თუმცა მშობლები არ ერიდებიან თავიანთი პატარებისთვის სხვა ენების შესწავლასაც. 

რომელი და რამდენი უცხო ენა უნდა ვასწავლოთ ბავშვებს და რა ასაკიდან, ამ კითხვებზე პასუხების გასაგებად სპეციალისტებს ვესაუბრეთ.

განათლების ექსპერტის, სიმონ ჯანაშიას თქმით, ამა თუ იმ უცხო ენის შესწავლაზე არჩევანის გაკეთება ოჯახზეა დამოკიდებული. 

"თუ მშობელი გარკვეული ეკონომიკური ინტერესით ხელმძღვანელობს, მაშინ შეიძლება მხოლოდ ისეთი ენები შეასწავლოს შვილს, საიდანაც მეტი ეკონომიკური სარგებელი ექნება, მაგრამ თუ მშობელი ფიქრობს ბავშვის მომავალ სწავლა-განათლებაზე, მაშინ სხვა ენას აირჩევს. ინგლისური უკვე სხვა ტიპის ენაა, ის არის საერთაშორისო ენა, რომელიც იცის ყველა ერის ნაწილმა და პრინციპში, მისი სწავლა აუცილებელიც არის, მაგრამ არსებობს კიდევ რეგიონალური ენები. 
მაგალითად, ჩვენს რეგიონში ურთიერთობის ენა ჯერ კიდევ რუსულია, ზოგ შემთხვევაში ჩვენს მოქალაქეებს შორისაც რუსულია საკომუნიკაციო ენა. მაგრამ ცხადია არის სხვა ენებიც, მაგალითად ბევრი ახალგაზრდა სწავლობს გერმანულს, გერმანიაში სწავლის გასაგრძელებლად, რადგან იქ უფრო იაფია სწავლა, ცხოვრებაც ასე თუ ისე იაფია, მეტი შანსია, რომ ევროპაში მაღალი ხარისხის განათლება მიიღო და სწორედ ამიტომ ირჩევენ ამ ენას", - ამბობს ჯანაშია.
ფსიქოლოგ ნინო ახალაიას თქმით, უცხო ენის დაუფლებას თავისი ასაკობრივი პერიოდი აქვს. თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, გააჩნია სწავლების ფორმასაც. 

"უცხო ენის სრულფასოვანი შესწავლისთვის ბავშვი მზად უნდა იყოს ასაკობრივადაც, მაგრამ ადრეულ ასაკში სწავლა თამაშით, გარკვეული კითხვების მიწოდებით არის შესაძლებელი".

კითხვაზე, ერთდროულად რამდენი ენა შეიძლება ვასწავლოთ პატარას, ფსიქოლოგი ამბობს, რომ ბავშვის დატვირთვა 2 და 3 ენით ძნელია.

"ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ოჯახური მდგომარეობა. როდესაც ოჯახი ბილინგუალია, პატარა ადრეული ასაკიდანვე დაბრკოლების გარეშე ითვისებს ორ ენას, მაგრამ ბავშვის მიზანმიმართულად გადატვირთვა, რომ რაც შეიძლება მეტი ენა ისწავლოს ადრეული ასაკიდან, გადაიზრდება ბავშვის გაღიზიანებაში, შესაძლებელია მეტყველებითი პრობლემებიც კი დაიწყოს".

"ხშირად, იმ მიზნით, რომ ერთდროულად ასწავლონ ინგლისური, რუსული, ფრანგული, ბავშვებს ამ ენებზე აყურებინებენ მულტიპლიკაციასაც და მშობლებს ამ დროს განსაკუთრებით მოსწონთ, მათი პატარები რამდენიმე ენაზე რომ უყურებენ ანიმაციებს, არადა ეს მომენტი კომპიუტერთან გატარებულ დიდ დროზე უფრო მიუთითებს და მეტზე არაფერზე", - ამბობს ნინო ახალაია.

ფსიქოლოგის თქმით, ზოგი მშობელი ბავშვებს უცხო ენის ასათვისებლად რამდენიმე ენაზე ელაპარაკება, რაც მისი თქმით, სწორი არ არის, რადგან „ბავშვს სჭირდება სისუფთავე ენის სწავლებასთან მიმართებაში“.

"ბავშვების ნერვულ სისტემას გაფრთხილება სჭირდება, მშობლებმა პატარების შესაძლებლობა ბოროტად არ უნდა გამოიყენონ. ბავშვები ბევრ რამეს ითვისებენ, მაგრამ რის ხარჯზე აკეთებენ ამას, ყოველთვის აქვს მნიშვნელობა", - ამბობს ფსიქოლოგი.
ენათმეცნიერ ზურა ვახანიას დაუშვებელად მიაჩნია, როცა ერთი ადამიანი ბავშვს 2 სხვადასხვა ენაზე ელაპარაკება.
"ზოგჯერ დედა ცდილობს ინგლისური ასწავლოს ბავშვს და ელაპარაკება ხან ინგლისურად, ხან ქართულად. ეს არ შეიძლება. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ბუნებრივ გარემოში სწავლობს უცხო ენას, ათვისება უფრო უმტკივნეულოდ ხდება, მაგრამ აქაც წესები უნდა დავიცვათ, ერთი ადამიანი და ერთი ენა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ პატარას ბიძა ელაპარაკება რუსულად, ის მხოლოდ რუსულად უნდა ელაპარაკოს. ამას გარდა, 2 უცხო ენა უკვე მძიმეა ბავშვისთვის. ზოგი ბავშვის გონება იტანს, ზოგის ვერა და ზედმეტად იძაბება, ეს კი ამუხრუჭებს ბავშვის გონებრივ განვითარებას", - ამბობს ვახანია. 

მისივე თქმით, ბავშვის აზროვნების განვითარებისთვის ხელისშემშლელია პირველ კლასში უცხო ენის სწავლება.

"კიდევ ერთი ტიპური შეცდომა, რაც გავრცელებულია არის ის, როცა ამბობენ, რაკი ბავშვი ქართველია, ქართული ისედაც იცისო. ქართული მეთორმეტე კლასელმა არ იცის წესიერად და ბავშვის ქართული ლექსიკა ძალიან შეზღუდულია, თანაც წინადადებებს ვერ ამთლიანებს, ფრაზების ნაწყვეტებით მეტყველებს და ეს ნიშნავს, რომ ბავშვი ჯერ კარგად ვერ აზროვნებს,
კიდევ ერთი შეცდომა, რაც ამ დროს მოსდით მშობლებს და სპეციალისტებს, ისინი ერთმანეთისგან არ არჩევენ უცხო და მეორე ენას. მეორე ენა არის ისეთი ენა, რომელიც ბავშვს გარემოში ესმის, მაგრამ უცხოა მისთვის.

ხოლო ის, თუ რომელი უცხო ენა უნდა ვასწავლოთ ბავშვს, ეს უკვე მშობლის გადასაწყვეტია. ზოგს ჩინური ურჩევნია, ზოგს თურქული, ეგ მეცნიერების საქმე აღარ არის, მაგრამ მეცნიერების საქმე რაც არის გეტყვით, ქართველისთვის რუსულის სწავლა უფრო ადვილია, ვიდრე ინგლისურის იმიტომ, რომ გრამატიკული სტრუქტურები უფრო ახლოს არის რუსულისა ქართულთან, ვიდრე ინგლისურის. მაგალითად, ქართულის და რუსულის პუნქტუაცია თითქმის ემთხვევა, ინგლისური კი პრინციპულად განსხვავებულია", - ამბობს ზურა ვახანია.

რაც შეეხება მსოფლიო ტენდენციას, ჩინური და არაბული ენა პერსპექტიულად მიიჩნევა, ამიტომაც მაგალითად ამერიკელი მილიარდერები თავიანთ შვილებს უკვე აქტიურად ასწავლიან ჩინურს. საქართველოში კი ამ ორი ენის სპეციალისტების ნაკლებობაა, თუმცა, ჩინურის და არაბულის შესწავლის მსურველთა რაოდენობაც არ არის დიდი. 
წყაროhttps://www.allnews.ge/:

რა არის ინკლუზიური განათლება

ბავშვის უფლებების კონვენციის თანახმად, განათლების მიღება ყველა ბავშვის ფუნდამენტური უფლებაა. კონვენციაში გამოკვეთილი თითოეული უფლება ეხება ყველა ბავშვს, ყოველგვარი დისკრიმინაციული გამონაკლისის გარეშე. ბავშვის უფლებათა ამგვარ ფართო აღიარებას მხოლოდ თეორიული საფუძველი არ გააჩნია. მსოფლიოს თითოეულ ქვეყანაში ბავშვის უფლებები განმტკიცებულია კონკრეტული ღონისძიებებით საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ და აღმასრულებელ სფეროებში.


სწავლისას ბევრი ბავშვი განიცდის სწავლასთან დაკავშირებულ სირთულეებს, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს მოსწავლის ფიზიკური, ინტელექტუალური, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური თუ სხვა მდგომარეობით. სწავლის პროცესში სირთულეები შეიძლება ექმნებოდეთ ნიჭიერ ბავშვებსაც, ქუჩის და მომუშავე ბავშვებს, ეთნიკური, კულტურული უმცირესობის და სხვა მარგინალური ჯგუფის წარმომადგენლებს. ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ვალდებულებას კი წარმოადგენს მოძებნოს ყველა ბავშვის წარმატებით სწავლების გზები.


ინკლუზიური განათლება, არის მიდგომა, რომელიც ცდილობს ყველა სკოლის ასაკის ბავშვის ჩართვასსასწავლო პროცესში, მიუხედავად მისი შესაძლებლობისა და/ან სირთულეებისა სწავლის პროცესში.


ინკლუზიური განათლების მიზანია, ყველა ბავშვს მიეცეს თანაბარი შესაძლებლობა თანატოლებთან ერთად სწავლისა და ხარისხიანი განათლების მიღებისა საცხოვრებელ ადგილთან ახლოს.


ინკლუზიური განათლება არ გულისხმობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის საკლასო ოთახში ყოფნას და თანატოლებთან ერთად გარკვეული დროის გატარებას. ინკლუზიური განათლება მოითხოვს მთლიანად სკოლის დაუღალავ შრომას იმისთვის, რომ გააძლიეროს და განავითაროს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შესაძლებლობები, გააუმჯობესოს მოსწავლის აკადემიური და სოციალური უნარ-ჩვევები, მოამზადოს მოსწავლე დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის და აქტიურად შეუწყოს ხელი მოსწავლის საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას.





ინკლუზიური განათლების საერთაშორისო მოდელის მიხედვით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის და კლასის სრულუფლებიანი წევრია. ის სრულად უნდა მონაწილეობდეს სასკოლო და საკლასო აქტივობებში; სკოლაში მიმდინარე აკადემიურ (მაგ. წერა, კითხვა) და არა აკადემიურ (მაგ. დასვენებებზე თანატოლებთან თამაში) პროცესებში.





ინკლუზიური განათლება აღიარებს მრავალფეროვნებას და განსხვავებულობის აუცილებლობას მოსწავლეების სწავლების პროცესში. განსხვავებული საგანმანათლებლო შესაძლებლობების და საჭიროების მქონე მოსწავლეების განათლება, რასაკვირველია, სწავლების განსხვავებული მიდგომების, სტრატეგიებისა და მეთოდების გამოყენებას გულისხმობს. ყველას მიმართ სწავლებისა და ქცევის მართვის ერთნაირი სტრატეგიების გამოყენება უარყოფს ბავშვებს შორის განსხვავებულობას და მათ ინდივიდუალობას. განსხვავებული საგანმანათლებლო შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებთან სწავლების ერთნაირი სტრატეგიების გამოყენება, (მსგავსი ინსტრუქციები მასალის ახსნისას, იდენტური საშინაო დავალებები, თანაბარი დრო დავალების შესასრულებლად) ერთის მხრივ არა პროფესიონალური მიდგომაა, ხოლო მეორეს მხრივ, არ უზრუნველყოფს ერთნაირ სასწავლო შედეგსყველა მოსწავლესთან.


შესაბამისად, განათლების სისტემაში სკოლა წარმატებულად ითვლება, თუ მას მოსწავლეთა ინდივიდუალური განსხვავებულობის მიმღებლობა გააჩნია და შესწევს უნარი შესაბამისი განათლებით უზრუნველყოს განურჩევლად ყველა მოსწავლე. სწორად დაგეგმილი ინკლუზიური განათლების პირობებში, ყველა მოსწავლეს ეძლევა შესაძლებლობა საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის.


ინკლუზიური განათლების დანერგვა სკოლისგან გარკვეული ამოცანების გადაჭრას მოითხოვს:


  • სკოლაში ჩართულმა ყველა ადამიანმა უნდა მიმართოს ერთობლივ ძალისხმევას ინკლუზიური განათლების დასამკვიდრებლად სკოლის სივრცეში;

  • ინკლუზიურმა გარემომ უნდა აღიაროს და გაითვალისწინოს მოსწავლის მრავალფეროვანი საჭირობები; სკოლამ უნდა შესძლოს სწავლის განსხვავებული სტილით და შესაბამისი სტრატეგიის გამოყენებით სწავლების უზრუნველყოფა;

  • სკოლის გარემომ უნდა შესძლოს სპეციალური საგნმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების შესაბამისი მხარდაჭერა; საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს მოსწავლისთვის სპეციალისტების დახმარება;

  • სკოლა დაინტერესებული უნდა იყოს პედაგოგების უწყვეტი პროფესიული განვითარებით და მომზადებით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის შესაბამისი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად;

  • სკოლას უნდა ყავდეს მოტივირებული პედაგოგები, რომლებსაც უწყვეტი ურთიერთობა ექნებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მშობლებთან და უზრუნველყოფენ მშობელთა აქტიურ ჩართულობას და თანამონაწილეობას მათი შვილების სწავლის პროცესში.

  • სკოლამ უნდა უზრუნველყოს მისაწვდომი ფიზიკური გარემოს შექმნა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ტექნოლოგიების (კომუნიკაციისთვის, მობილობისთვის) გამოყენება.


ინკლუზიური განათლების მიდგომის თანახმად, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლასა და მის სასწავლო პროცესში ჩართვა უმთავრესი პრიორიტეტია. მოსწავლეების სპეციალიზირებულ სკოლებსა და კლასებში განაწილება უნდა ხდებოდეს გამონაკლის შემთხვევებში და რეკომენდირებულია მხოლოდ მაშინ, როცა ზოგადსაგანმანათლებლო კლასში ჩართულობა ვერ უზრუნველყოფს ბავშვის საგანამანათლებლო თუ სოციალურ საჭიროებებს, ან როცა ეს აუცილებელია ამ ბავშვის ან სხვა ბავშვების კეთილდღეობისთვის.


ამ შემთხვევაში, მშობლებს აქვთ უფლება მიიღონ კვალიფიციური და ამომწურავი კონსულტაცია განათლების იმ ფორმის შესახებ, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება მათი შვილების საჭიროებებს, რათა ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ.


სკოლები, რომლებიც იზიარებენ ინკლუზიური განათლების მიდგომებს, არის დისკრიმინაციული დამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლის, კეთილგანწყობილი გარემოს შექმნის ყველაზე ეფექტური საშუალება. ინკლუზიური განათლება ინკლუზიური საზოგადოების ფორმირების აუცილებელი წინაპირობა.


სწორედ ინკლუზიური განათლების კონტექსტში ხდება შესაძლებელი, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებმა მიაღწიონ პროგრესს განათლებაში და წარმატებულ სოციალურ ინტეგრაციას.


Tuesday, March 6, 2018

როგორ გავაფორმოთ საგნისა და თემატური გეგმები

რა მიზანს ემსახურება დაგეგმვა? სწორად დაგეგმილი სასწავლო პროცესი მოქნილობის საშუალებას იძლევა, სასწავლო პროცესის ეფექტურობასა და მასწავლებლის პროფესიულ ზრდას უწყობს ხელს. მასწავლებლები რამდენიმე დონეზე ახდენენ სასწავლო პროცესის დაგეგმვას: ესაა წლიური (საგნის გეგმა – სილაბუსი), თემატური, კვირისა და გაკვეთილის გეგმები. ყველა ეს დონე ერთმანეთთან უნდა იყოს კოორდინირებული. წლიური გეგმის შესრულება მოითხოვს მის განაწილებას თემებზე, თემატურისა - დროის ცალკეულ დანაყოფებზე, თავის მხრივ ამ გეგმების განაწილებას კვირებსა და დღეებზე. პედაგოგთა ნაწილში ჩნდება შინაგანი პროტესტი სასწავლო პროცესის დაგეგმისადმი, მათ მიაჩნიათ, რომ დაგეგმვა ზღუდავს მათ შემოქმედებითობას, თავისუფლებას. მათგან ხშირად ისმის შემდეგი ფრაზა: ”კლასი ცოცხალი ორგანიზმია. კარგი მასწავლებელი გაკვეთილს და, ზოგადად, სასწავლო პროცესს უნდა აგებდეს სიტუაციიდან გამომდინარე. ეს უფრო საინტერესო იქნება როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე მასწავლებლისთვისაც”. დაგეგმვა ემსახურება სასწავლო პროცესის ორგანიზებას, მის გამდიდრება- გამრავალფეროვნებას, განახლებასა და დახვეწას. საგნის გეგმის (სილაბუსის) და თემატური გეგმის სტრუქტურა საგნის გეგმა (სილაბუსი - ლათინური სიტყვაა და ნიშნავს რაიმეს ჩამონათვალს, სიას, ნუსხას, შეჯამებას) წარმოადგენს სასწავლო კურსის პროგრამას. მასში მოცემულია კურსის სათაური, სწავლების საფეხური, მიზანი და ამოცანები, სწავლების ფორმატი (სწავლების მეთოდი), კურსის შინაარსობრივი გეგმა, გამოყენებული სახელმძღვანელოები და სხვა რესურსები, ასევე კურსის შეფასების პრინციპები (შუალედური, შემაჯამებელი, განმსაზღვრელი და სხვა), მოსალოდნელი შედეგები, კერძოდ, იმ ცოდნისა და უნარ-ჩვევების ჩამონათვალი, რომელსაც უზრუნველყოფს კურსის დასრულება. უმაღლეს სასწავლებლებში სილაბუსი აწესრიგებს ლექტორისა და სტუდენტის ურთიერთობას. სასწავლო კურსის დაწყებისას სტუდენტმა სილაბუსის მეშვეობით უნდა გაიგოს, თუ რა და როგორ უნდა ისწავლოს, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოს. მეორე მხრივ, სილაბუსის მეშვეობით უმაღლესი სასწავლებლის თუ სკოლის ადმინისტრაციას შეუძლია შეამოწმოს ლექტორის/მასწავლებლის აკადემიური საქმიანობის ხარისხი. სილაბუსი ეხმარება პედაგოგს საგნის სწავლებისადმი სისტემური მიდგომის ჩამოყალიბებაში და ქმნის საგნის სწავლების განვითარების წინაპირობებს. ე.ი. სილაბუსი არის ზოგადი ჩარჩო, თუ რა საკითხები იქნება განხილული წლის განმავლობაში და როგორ. იგი უნდა ეყრდნობოდეს ეროვნულ სასწავლო გეგმას და გამდიდიდრებული უნდა იყოს მასწავლებლის გამოცდილებითა და შეხედულებით. საგნის გეგმის ძირითადი შემადგენელი კომპონენტებია:  სასწავლო საგნის მიზანი;  სასწავლო საგნის ამოცანები;  წლის ბოლოს მისაღწევი შედეგი და განსავითარებელი კომპეტენციები;  წლის განმავლობაში განსახილველი ძირითადი თემები თანმიმდევრულად დალაგებული და დაჯგუფებული;  სასწავლო მასალა: ძირითადი და დამხმარე სახელმძღვანელოები, კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა, ვიდეო და აუდიო მასალა და ა.შ.  ძირითადი მეთოდები, რომლებიც გამოყენებული იქნება ამ საკითხების შესწავლისას და შეფასებისას.  სასწავლო კურსის შეფასება. თემატური გეგმა მოიცავს წლის განმავლობაში განსახილველ მსხვილ თემებს. თემატური გეგმა უფრო დეტალური და კონკრეტულია, ვიდრე საგნის გეგმა. მასში  თანმიმდევრობით დალაგებული და დაჯგუფებულია წლის განმავლობაში განსახილველი თემები და თითოეულ თემაში შემავალი საკითხები - საკითხთა შერჩევისას მასწავლებელმა უნდა იხელმძღვანელოს საგნობრივი პროგრამითა და სტანდარტით;  კონკრეტული თემის მოკლე შინაარსი;  თითოეული თემის ბოლოს მისაღწევი შედეგი;  თითოეული განსახილველი თემისთვის გამოსაყენებელი აქტივობები და სასწავლო მეთოდები;  ყოველი თემის შესწავლისთვის საჭირო სასწავლო მასალა - ლიტერატურა გვერდების მითითებით და სხვა რესურსების დეტალური ჩამონათვალი;  საათების გადანაწილება თემებზე - საათების გადანაწილების დროს გაითვალისწინეთ სარეზერვო საათები, რომლებსაც გამოიყენებთ მასალის განმტკიცებისთვის და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიებისათვის.  შეფასების სისტემის აღწერა - თითოეული თემის შესწავლისას გამოყენებული შეფასების მეთოდები და კრიტერიუმები;  კლასში განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვის არსებობის შემთხვევაში ინდივიდუალური საჭიროებებისადმი გეგმის ადაპტირება;  თვითშეფასება - რა პერიოდულობით და რა მეთოდებით მოახდენს მასწავლებელი თვითშეფასებას. (თვითშეფასების რუბრიკა თან უნდა ერთვოდეს თემატურ გეგმას დანართის სახით) თემატური გეგმა შეიძლება განვიხილოთ, როგორც საგნის გეგმის შემადგენელი ნაწილი. გთავაზობთ სილაბუსის და თემატური გეგმის სავარაუდო ფორმის ინსტრუქციას კომპონენტები ინსტრუქცია 1. მასწავლებლის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია 2. სასწავლო საგნის სახელწოდება 3. სწავლების კლასი 4. სასწავლო საგნის ხანგრძლივობა და საათების რაოდენობა 5. სასწავლო კურსის ზოგადი აღწერა მიუთითეთ სასწავლო კურსის სპეციფიკა, თავისებურებანი, ადგილი სკოლის სასწავლო გეგმაში. 6. სასწავლო საგნის სტატუსი მოცემულ კლასში მიუთითეთ სასწავლო კურსის სტატუსი - ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული/გაუთვალისწინებელი საგნები 7. სასწავლო საგნის მიზანი აღწერეთ სასწავლო კურსის მიზნები, რომლის ფორმულირებისას უნდა დაეყრდნოთ ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივ სტანდარტს; 8. ძირითადი თემები მიუთითეთ ის ძირითადი თემები, რომელთა გავლასაც აპირებთ წლის განმავლობაში. 9. სასწავლო საგნის ამოცანები მიუთითეთ ის ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას მიზნის მისაღწევად 10. სასწავლო საგნის აუცილებელი საბაზისო კომპეტენციები მოსწავლეთა არსებული ცოდნა და გამოცდილება, რომელიც აუცილებელია ახალი ცოდნის დასაუფლებლად. 11. კურსის ორგანიზაცია 11.1. საკლასო მენეჯმენტის ხერხები 11.2. მეცადინეობის ფორმები; 11.3. სწავლების მეთოდები ამ ნაწილში დეტალურად აღწერეთ სასწავლო კურსში გამოყენებული ორგანიზაციული ხერხები (მაგ. ჯგუფური, ინდივიდუალური...) მეცადინეობის ფორმებში იგულისხმება (ლექციური, სემინარული, ლაბორატორიული და სხვ.) სწავლების მეთოდებში იგულისხმება - სოკრატული, დიდაქტიკური, პრობლემაზე ორიენტირებული, კეთებით და სხვ. 11. სასწავლო კურსის შეფასება მიუთითეთ შეფასების რა მეთოდებს გამოიყენებთ და რა კრიტერიუმებით შეაფასებთ (შეფასების რუბრიკები თან უნდა ერთვოდეს სილაბუსს დანართის სახით), 12. რესურსები მოსწავლის და მასწავლებლის სახელმძღვანელო, დამხმარე ლიტერატურა, თვალსაჩინოება, ტექნიკური საშუალებები, ინტერნეტსაიტები, ადამიანური რესურსები. მიუთითეთ ნებისმიერი სახის რესურსი, რომლის საფუძველზეც კურსი ისწავლება. სახელმძღვანელოებს, დამხმარე ლიტერატურას მიუთითეთ ავტორი, გამომცემლობა, გამოცემის წელი და ადგილი. 13. მისაღწევი შედეგები და კომპეტენციები შედეგები უნდა იყოს კონკრეტული და გაზომვადი. შედეგში უნდა აისახოს ცოდნა, უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები, რომელსაც მოსწავლე აითვისებს კურსის გავლის შემდეგ. სასურველია, თუ ცალ-ცალკე გამოყოფილი იქნება საგნობრივი და ზოგადი კომპეტენციები. 14. სამუშაო დისცილინა 14.1. გაცდენების დასაშვები რაოდენობა; 14.2. დავალიანებების დასაშვები რაოდენობა; 14.3. აღდგენები; 14.4. საჯარიმო ზომები; 14.5. წახალისების ფორმები. მიუთითეთ არასაპატიო გაცდენების დასაშვები მაქსიმალური რაოდენობა, ასევე, მათი აღდგენის ფორმები და ვადები. 
წყაროhttp://mastsavlebeli.ge/?p=292 

როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები

რა არის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა?
კვლევა არის ახალი ცოდნის ძიება, მისი სისტემატური დოკუმენტირება და გაფორმება კვლევის ანგარიშის,სტატიის, პროექტის სახით. განასხვავებენ ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევებს. ფუნდამენტურია კვლევა,რომელიც ემსახურება მეცნიერული ცოდნის გაღრმავებას ახალი თეორიების შექმნით და აქამდე უცნობიმექანიზმებისა და ტექნოლოგიების ახსნით, გამოყენებითი კვლევის ძირითად მიზანს კი თეორიების, მექანიზმების,ტექნოლოგიების პრაქტიკაში დანერგვა და გამოყენება წარმოადგენს.
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მიეკუთვნება გამოყენებით კვლევათა რიცხვს. ეს არის პროფესიული სიტუაციებისსისტემური კვლევა, რომელსაც ატარებენ მკვლევარ-მასწავლებლები სასწავლო სიტუაციების გაუმჯობესებისა დასაკუთარი პროფესიონალიზმის დახვეწის მიზნით. PK
მკვლევარია მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია პედაგოგიური საქმიანობის დროს წამოჭრილი პრობლემებისიდენტიფიცირება, მათი გადაჭრის გზების ძიება და პოვნა, ახალი იდეების, ინოვაციების, სტრატეგიებისპედაგოგიურ პრაქტიკაში დანერგვა.
მაშასადამე, პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მარტო სირთულეების გადასალახავად კიარ არის საჭირო, არამედ ახალი იდეების, ინოვაციების გამოსაცდელად, საკუთარი ძალების გასაძლიერებლად, საკუთარი ძლიერი მხარისა და პოტენციალის აღმოსაჩენად, საჭირო უნარ-ჩვევების განსავითარებლადაც.
პედაგოგებს ხშირად ებადებათკითხვა:როგორ ვისწავლოთ კვლევა?
კვლევაში გამოცდილი პედაგოგები მიიჩნევენ,რომ კვლევის სწავლის საუკეთესო გზა თავად კვლევის პროცესია.
რა თავისებურებები აქვს პედაგოგიურ კვლევებს?
გამოყენებით პედაგოგიკას, როგორც სწავლების პროცესზე ორიენტირებულ მეცნიერებას,ახასიათებსგანუმეორებლობა, ამ სიტყვის პირდაპირი და არაგადატანითი მნიშვნელობით.
საბუნებისმეტყველომეცნიერებების შემთხვევაშიმკვლევარს შეუძლია გაიმეოროს თავის მიერ მიღებული შედეგიგანმეორებითი ცდისსაფუძველზე დადააზუსტოს დაგანამტკიცოს მოპოვებული ცოდნა. მისიშედეგებისსანდოობისა და ჭეშმარიტების შემოწმება შეუძლია მისნებისმიერ კოლეგას იმავეექსპერიმენტის კორექტულიგამეორებით, იმავემეთოდით, იმავემასალაზე დაიმავე პირობებში.
მასწავლებელი-მკვლევარი ასეთ შესაძლებლობას, სამწუხაროდ, მოკლებულია, ვინაიდან “განმეორებითიექსპერიმენტის” ჩატარება მას უკვესხვა “მასალაზე”, ანუ სხვაინდივიდებზე/მოსწავლეებზე უწევსდა, შესაბამისად,შედეგსაც განსხვავებულსიღებს. ამასთანავე ამ “განმეორებითიექსპერიმენტის” პირობებიც სხვაადა ისსიტუაციაც,რომელშიც პედაგოგ-მკვლევარს უწევს მუშაობა. მით უმეტეს, რომხშირად ამფაქტორების ცვალებადობაექსტრაპედაგოგიური ხასიათისაა,დამოკიდებულია სოციალურ ან იდეოლოგიურ გარემოებებზე, ისტორიულკატაკლიზმებზე დაა.შ.სწორედ ამიტომაა, რომ პედაგოგიკაში არასოდეს შედგება წმინდა “განმეორებითიექსპერიმენტი”.
ზემოხსენებული მიზეზებისგათვალისწინებით, გამოყენებითი პედაგოგიკა იძულებულია, დაუშვას გარკვეული”უზუსტობის ინდექსი”. იმისთვის, რომ მოვახდინოთ ამ სავარაუდო უზუსტობათა კორექტირება ანკომპენსირებადამივიღოთ სიზუსტესთან მაქსიმალურად მიახლოებული, ობიექტური დასკვნები, საჭიროა, გაიზარდოს კვლევათარიცხვი დაინტენსივობა. იმსავარაუდო უზუსტობათა კორექტირება,რომლებიც მოსალოდნელია და იქნება კიდეცზემოხსენებული ტიპის კვლევებისდროს, პედაგოგიკაში მათემატიკური, კერძოდ, სტატისტიკური (resp.რაოდენობრივი) მეთოდების გამოყენებით ხდება.
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ეტაპები
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა შეგვიძლია შემდეგ ფაზებად დავყოთ:
1.კვლევის ამოსავალი პუნქტის განსაზღვრა/საკვლევი თემის შერჩევა და კვლევის მიზნის ჩამოყალიბება;
2.კვლევის პროცესის დოკუმენტირება – კვლევის დღიურის წარმოება;
3.საკითხთან დაკავშირებული არსებული კვლევებისა და ლიტერატურისშესწავლა და ანალიზი;
4.კვლევის მეთოდის შერჩევა და ექსპერტიზა (სხვა კოლეგებისთვის გაცნობა ან მეთოდის მოსინჯვა მცირე შერჩევაზე – საპილოტე კვლევა);
5.მონაცემთა შეგროვება;
6.მონაცემთა ანალიზი, რომელიც კვლევის ყველაზე საინტერესო და ამავე დროს ყველაზე რთული საფეხურია;
7.მოქმედების სტრატეგიის შემუშავება დამისი პრაქტიკაში დანერგვა, რაც აუცილებლად ყველა პრობლემის გადაჭრას კი არ ნიშნავს, არამედ ძიებას, გამოცდილების შეძენას, რაღაცის გაუმჯობესებას და კვლევის პროცესის ახალ ფაზაში გადასვლას;
8.მოპოვებული ცოდნისა და გამოცდილების პრეზენტაცია, რაც შეიძლება განხორციელდეს კვლევის ანგარიშის შექმნით და კათედრის სხდომასა თუ სემინარზე მისი განხილვით, კონფერენციაზე წარდგენით, პუბლიკაციით და ა.შ.
განვიხილოთ თითოეული ფაზა ცალ-ცალკე.
კვლევის ამოსავალი პუნქტის/საკვლევი თემის განსაზღვრა – კვლევის პროცესის პირველი ნაბიჯი
კვლევის პროცესის პირველი ნაბიჯი გულისხმობს კვლევის იმ ამოსავალი პუნქტის პოვნასა და ფორმულირებას, რომელიც იქნება არჩეული კვლევის საფუძველი და მიზანი.
„ჩემიპედაგოგიური პრაქტიკიდან რომელი საკითხია პრიორიტეტული, რომლის კვლევა უნდადავიწყო?”; „ჩემიძალები და შესაძლებლობები გაწვდება ამ საკითხების კვლევას?”; „მაქვს წარმატების შანსი?” დაა.შ. – ესის კითხვებია, რომლებიც მკვლევარ-მასწავლებლებს ებადებათ კვლევის დაწყების წინ.
რამ შეიძლება მოგვცეს ბიძგი კვლევის ამოსავალი პუნქტის აღმოსაჩენად?
.საკუთარმა დაკვირვებამ და გამოცდილებამ გაკვეთილზე დასხვა სასკოლო აქტივობებში, როგორიც არის, მაგალითად, რთული ან გაურკვეველი სიტუაცია.
. უკუკავშირისა და შეფასების შედეგებმა, რაც შეიძლება იქცეს იმპულსად შემდგომი კვლევისა და განვითარებისთვის. მაგ., პედაგოგმა შეაჯამა კლასში სემესტრის განმავლობაში ჩატარებული ტესტირების შედეგები და აღმოაჩინა, რომ პირველი ტესტირების შედეგები კარგი იყო, შემდეგ კი ისინი მკვეთრად დაეცა. ესუკუკავშირის შედეგები იქცა მასწავლებლისთვის კვლევის მიზეზად.
.სკოლის განვითარების პროგრამებში, პროექტებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში მონაწილეობამ.
. ცნობისმოყვარეობამ და”თეორიულმაინტერესებმა”. სულაც არ არის საჭირო,ახალი იდეები საკუთარი გამოცდილებიდან მოდიოდეს. ის შეიძლება მოვიპოვოთ კოლეგების დაკვირვებებიდან, საკითხავი მასალიდან და ა.შ. მაგ., რას აკეთებს ჩემი ერთი კოლეგა, ან რა აღმოაჩინა ერთმა მკვლევარმა, ე. ი.ინტერესი, უკეთ გაიგო და შენს საქმიანობაში დანერგო სხვათა იდეები, მნიშვნელოვანი სტიმულია კვლევის დასაწყებად.
როგორ გადავამოწმოთ, სწორად შევარჩიეთ თუ არა კვლევის ამოსავალი პუნქტი?
ამისგადამოწმება შეგვიძლია შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
.მოქმედების არეალი:
-ჩემ მიერ არჩეული კვლევის ამოსავალი პუნქტი ჩემი საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკიდან მომდინარეობს?
– მაქვს მე ამის განსახორციელებლად მოქმედების არეალი და შესაძლებლობები? მეტისმეტად ხომ არვარდამოკიდებული სხვა პირებსა და ინსტანციებზე?
-კოლეგები მზად არიან ჩემთან თანამშრომლობისთვის?
-უკვე დროა, დავიწყო კვლევა თუ ჯერ მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებაასაჭირო?
.მნიშვნელოვნება:
-რამდენად მნიშვნელოვანია ეს სიტუაცია ჩემი პროფესიული ზრდისთვის, ჩემი სკოლისა და მოსწავლეებისთვის?
-აქვს მას საჭირო აღმზრდელობითი ღირებულება?
-მზად ვარ, გარკვეული ენერგია და დრო დავახარჯო ამ სიტუაციას?
-მაქვს ამ სიტუაციასთან მიმართებითშეცვლის, გაუმჯობესების, განვითარების გარკვეული სურვილი?
.დაძლევადობა:
-ნუ აირჩევთ პირველსავე ჯერზე თქვენთვის დიდ და რთულად საკვლევ საკითხებს. თუ ყოყმანობთ,შეჩერდით უფრო კონკრეტულ, შემოსაზღვრულ გეგმებზე.
.შესაბამისობა:
-შეესაბამება თუ არა ჩემ მიერ კვლევითი სამუშაოსთვის შერჩეული საკითხები ჩემს დანარჩენ პროფესიულ საქმიანობას?
-შეესაბამება თუ არაისინი ჩემი სკოლის განვითარების პრიორიტეტებს?
-მიესადაგება თუ არა ჩემიკვლევა ჩემი გაკვეთილის მიზნებს?
-შესაძლებელია თუ არა, კვლევითი აქტივობები პირდაპირ საგაკვეთილო პროცესში ჩავრთო (მაგ., ინტერვიუები, ჯგუფური საუბრები, ანკეტირება და ა.შ.)?
საკვლევად უნდა ამოვირჩიოთ ის საკითხი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს.
კვლევის დღიური – კვლევის პროცესის მეგზური
პედაგოგიური კვლევის პროცესში მასწავლებლები აწარმოებენ ე.წ. კვლევის დღიურს, რომელშიც შეაქვთ სტრუქტურირებული და არასტრუქტურირებული დაკვირვების შედეგები, საკუთარი იდეები, გეგმები, ინტერვიუები, მონაცემთა ანალიზის შედეგები და სხვ.
კვლევის დღიური მკვლევარ-მასწავლებლის უმნიშვნელოვანესი იარაღია. იგი კვლევის პროცესის თანამგზავრია, რადგან მასში აღნუსხულია პროცესის ყველა ფაზა.
კვლევის დღიური ეხმარება მასწავლებელს კვლევის პროცესის კორექტირებასა და დასკვნების გამოტანაში, იმაში, რომ გაიგოს, სწორგზას ადგას თუ ჩიხში ექცევა.
სასურველია, საკუთარი კვლევის დღიურის ჩანაწერები მასწავლებელმა დროდადრო გადაიკითხოს შუალედური ანალიზისთვის და ხელახლა გაიაზროს თავისი თეორიული და მეთოდური ჩანიშვნები და გეგმები.
თეორიული ჩანიშვნები აზრად მოსული მრავალმხრივი იდეების დღიურში აღნუსხვა და დავიწყებისგან მათიხსნაა. გარდა ამისა, ეს არის მონაცემთა ანალიზის დროს წარმოშობილ ახალ იდეათა აღნუსხვაც.
მეთოდური ჩანიშვნები მკვლევარის თვითდაკვირვების დოკუმენტირებას ახდენს.
მაგ., რა პირობებში დავნერგე მე განსაზღვრული სტრატეგია? რა გამოცდილება შემძინა ამ სტრატეგიამ? რა ეთიკურ დილემას წავაწყდი კვლევის პროცესში? – დაა.შ.
კვლევის დღიურში მასწავლებელი ინიშნავს იმ გეგმებს, მიზნებს, იდეათა მოზღვავებულ ნაკადს, რომლებითაცსურს ისარგებლოს თავის პედაგოგიურ პრაქტიკაში და რომელთა განხორციელებაც სურს დროთა განმავლობაში. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ არ არის საჭირო ისეთი გეგმების დახვავება, რომელთა განხორციელება არარეალურია. დაუძლეველი გეგმები პედაგოგებში გულაცრუებას გამოიწვევს. თუმცა ყველა განუხორციელებელ იდეას ნაადრევად ნუ გამოვუტანთვერდიქტს ,,განუხორციელებულია”, რადგან იმან, რაც დღეს განუხორციელებელიგვეჩვენება, ხვალ შესაძლოა ხორცი შეისხას.
მასწავლებლის მიერ სწორად წარმოებულ დღიურში მარტო კონკრეტული სიტუაციები კი არ არის გააზრებული, არამედ დროის საკმაოდ ხანგრძლივი მონაკვეთის გეგმა _ “წერილობითი ნაფიქრალი”. კვლევის დღიურმა დიდი როლი შეიძლება შეასრულოს საქმის ვითარების დაწვრილებით შესწავლაში, განსაკუთრებით- გაურკვეველ, პრობლემურ სიტუაციებთან შეჯახებისას.
კვლევის მეთოდის შერჩევა და მონაცემთა შეგროვება
მონაცემთა შეგროვება კვლევის პროცესის ერთ-ერთი საკვანძო და საპასუხისმგებლო ფაზაა. მის სწორად და კვალიფიციურად წარმართვაზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული კვლევის საბოლოო შედეგები. კვლევის შედეგების სანდოობა კი უშუალოდ არისდამოკიდებული მონაცემთა შეგროვების მეთოდის სწორად შერჩევაზე.კვლევის პროცესის სწორად წარმართვისა და სასურველი შედეგის მიღწევის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობასკვლევის მეთოდის სწორად შერჩევა წარმოადგენს.
რა არის კვლევის მეთოდი?
კვლევის პროცესში გამოყენებულ გზებს, რომლებსაც ობიექტური დასკვნებისაკენ მივყავართ, Kკვლევის მეთოდებიეწოდება.
კვლევის მეთოდებს ორძირითად ჯგუფად ყოფენ: თვისობრივ (დაკვირვება, დიალოგი, სიღრმისეული ინტერვიუ,ფოკუსჯგუფები და ა.შ.) და რაოდენობრივ (მაგ., მასობრივიზეპირი თუ წერილობითიგამოკითხვა – ანკეტირება) მეთოდებად. თვისობრიობა – ეს არისდამახასიათებელი ნიშან-თვისება, რომელიცგვიჩვენებს, რას წარმოადგენსესა თუ ისსაგანი. რაოდენობა – ეს არისდამახასიათებელი ნიშანი, რომელიც რაოდენობითიზომება. აქედან გამომდინარე, კვლევისთვისობრივი მეთოდები მიზნად ისახავსსაკვლევი საგნის სიღრმისეულ შესწავლას,ხოლო რაოდენობრივი მეთოდებიადგენს შესასწავლი საგნის რაოდენობრივიგავრცელების სურათს.
მკვლევარმა-მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ კვლევის პროცესში რაოდენობრივი და თვისობრივი მეთოდების ერთობლივი გამოყენება კვლევის სანდოობას და მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.
მონაცემთა ანალიზი და ინტერპრეტაცია
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მონაცემთა ანალიზი კვლევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ, ამასთანავე,ყველაზე რთული ეტაპია. თუ კვლევის სერიოზულ, ღრმა ანალიზზე ვსაუბრობთ, მას მარტო მასწავლებელი ვერ გაართმევს თავს; ანალიზში ჩართულნი უნდა იყვნენ, სულ მცირე, სოციოლოგი და ფსიქოლოგიც; მაგრამ საკუთარი პედაგოგიური კვლევების მარტივი ანალიზი მასწავლებელს დამოუკიდებლადაც შეუძლია განახორციელოს.
კვლევისAანალიზის შედეგები მკვლევარ-მასწავლებელს შესაძლებლობას აძლევს, გადავიდეს კვლევის პროცესისმომდეცნო ეტაპზე, რაც გულისხმობს კვლევის ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით ახალი სტრატეგიების შემუშავებას და დანერგვას არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად.
.წყაროhttp://mastsavlebeli.ge