Sunday, May 13, 2018

პირველი დღის აქტივობა დაწყებითი კლასებისთვის

სასწავლო წელმა წარმატებით რომ ჩაიაროს, მეტად მნიშვნელოვანია, როგორ დავიწყებთ მას.
მოსწავლეები არდადეგებიდან ბრუნდებიან – დასვენებულები, სკოლას მონატრებულები, სიახლეებისა და კარგი ამბების მომლოდინეები. კარგი იქნება, თუ მოლოდინს არ გავუცრუებთ და პირველივე დღიდან ვაჩვენებთ ჩვენს პოზიციას: დიახ, ჩვენ, მასწავლებლები, ვიზრუნებთ იმისთვის, რომ სწავლა არ იყოს მოსაწყენი და ერთფეროვანი, რომ ერთად ბევრ საოცარ და სახალისო რამეს შევქმნით.
ბავშვებს ყველაზე მეტად დაწყებით კლასებში სჭირდებათ საკუთარი თავის გამოხატვა, საკუთარი ემოციების გადმოცემა, საკუთარ თავზე საუბარი, რათა პირველსავე დღეს არ იგრძნონ იმედგაცრუება და, შინ მისულებმა, ოხვრას არ ამოაყოლონ: „დაიწყო!“
მეორე მხრივ, პირველმა გაკვეთილმა აუცილებლად უნდა შექმნას სასწავლო განწყობაც. მიმაჩნია, რომ ფერადი ბუშტები, პეპლები თუ გირლიანდები ედმეტია. მოსწავლეები მათ არასერიოზულად აღიქვამენ. საკლასო ოთახში თითოეული დეკორაცია სასწავლო პროცესს უნდა უკავშირდებოდეს. ბავშვების ნამუშევრებით გაფორმებული საკლასო ოთახი ყველაზე უკეთ გამოხატავს თქვენსა და მათ მიღწევებს, წარმატებებს, ცოდნას, მიდრეკილებებს. წლის ბოლოს შეგიძლიათ მშობლების ექსკურსიაც კი მოაწყოთ. თუმცა არც ეს ნამუშევრები უნდა იყოს ჩამოუხსნელი, კვირაში ერთხელ მაინც უნდა განახლდეს. მასწავლებლის მიერ რუდუნებით შექმნილი დეკორაცია საკლასო ოთახში ხელოვნურად და არაბუნებრივად გამოიყურება და მოსწავლეებსაც თრგუნავს, რადგან ხვდებიან, რომ ასე კარგად ხატვა/გამოჭრა/გაფორმება ჯერ არ შეუძლიათ.
თუ მაინცდამაინც გინდათ, მოსწავლეებს შიშველი კედლები არ დაახვედროთ, კარგი იქნება, საკლასო ოთახში სამოტივაციო წარწერები გააკეთოთ. მაგალითად, წიგნების კუთხესთან დააწეროთ: „წამიკითხე და საოცარ სამყაროებს გაჩვენებ“, „იყავი მკითხველი და გახდები ლიდერი“ და სხვ., კართან კი გააკრათ ფურცელი ასეთი წარწერით:

„ძვირფასო მოსწავლევ
მე მჯერა შენი
მე ვიზრუნებ შენზე
მე გენდობი შენ
მე მოგისმენ შენ
შენ ხარ მნიშვნელოვანი
შენ ხარ ლიდერი
შენ ხარ ავტორი
შენ ხარ გამომგონებელი
შენ მიაღწევ წარმატებას
შენ ხარ ჩემი აქ ყოფნის მიზეზი
სიყვარულით:
შენი მასწავლებელი ———“

მოსწავლე, რომელიც საკლასო ოთახში შესვლისას ყოველდღე წაიკითხავს ამ სიტყვებს, თავს მნიშვნელოვნად იგრძნობს. ამ ტექსტის გავრცობა და შეცვლა, კლასის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგება, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება.
კლასის გაფორმებასთან ერთად საინტერესოა პირველი დღის ერთ-ერთი აქტივობა – „ეს მე ვარ!“ რომლის შაბლონსაც აქვე გთავაზობთ.



ინა იმედაშვილი (2)_Страница_1
მოსწავლე ირჩევს, ჩაწეროს თუ ჩახატოს, აფორმებს, აფერადებს, მერე კი ისე ჭრის და აწებებს ქაღალდს, რომ კუბი გამოვიდეს.
მზა კუბებს მასწავლებელი ქისაში ყრის და სთხოვს მოსწავლეებს, სათითაოდ ამოიღონ და კლასს წარუდგინონ.
ამ აქტივობით მოსწავლეები უფრო უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს, ერთმანეთის ინტერესებს. ბავშვებს შეუძლიათ, კითხვებიც დაუსვან კუბის მფლობელს, თუ მეტის გაგება მოუნდებათ, მაგალითად, მის შინაურ ცხოველზე.
მათემატიკასაც შეეხებიან, როდესაც საკუთარი ასაკის ჩაწერა მოუწევთ.
მერე კუბები აკინძეთ და საკლასო ოთახში ჩამოკიდეთ, რათა ბავშვებს მუდამ ახსოვდეთ: ყველაზე ერთნაირად ზრუნავთ და გიყვართ.
აჩვენეთ მოსწავლეებს, რა მნიშვნელოვანნი არიან თქვენთვის, რათა თავადაც იგრძნოთ, როგორ სჭირდებით მათ.
 http://mastsavlebeli.ge

მოსწავლის მოტივაცია დაწყებით კლასებში

მოსწავლის მოტივაცია დაწყებით კლასებში


მოტივირებული მოსწავლე წარმატებული გაკვეთილის ჩატარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განმაპირობებელი ფაქტორია. რატომ უნდა ვისწავლო? – კითხულობს ბავშვი. ყველამ ვიცით ამ კითხვაზე პასუხი, თუმცა ძალიან ძნელია, აუხსნა ბავშვს, თუ რა მნიშვნელობა აქვს სწავლას, რაში უნდა გამოვიყანოთ ის სამომავლოდ, როგორ დაგვეხმარება ის შემდგომ წარმატების მიღწევაში და ა.შ. განსაკუთრებით რთულია ეს დაწყებით კლასებში, სადაც არ ხდება მოსწავლის შეფასება ნიშნებით. გაცილებით მარტივი და იოლი გასაგებია, თუ მას შევთავაზებთ ,,ჯილდოს“ ყოველი კონკრეტული მოქმედებისათვის.
კარგად მახსოვს, თუ რა სიხარული მომგვარა ჩემი პირველი მასწავლებლის მიერ წითელი ბარხატის მუყაოზე  ამოჭრილმა ვარსკვლავმა, რომელსაც  ეწერა 5-იანი! ეს იყო   კარგი შეგრძნება, რომელიც მაძლევდა სტიმულს, რომ მეორე დღისთვისაც მომემზადებინა გაკვეთილი და მიმეღწია წარმატებისათვის. მაგრამ ხშირად ხდებოდა ისე, რომ ეს ფრიადის აღმნიშვნელი ვარსკვლავი მრჩებოდა სახლში, შესაბამისად შეუძლებელი იყო ის გადაგვეცა სხვა მოსწავლისათვის ან აცდენდა ბავშვი და იმიტომ ვერ აბრუნებდა სანატრელ ვარსკვლავს და ა.შ. გარდა ამ პრობლემისა, მაშინვე მიჩნდებოდა რაღაც ფარული პროტესტის გრძნობა – რატომ უნდა ყოფილიყო შეფასების კრიტერიუმად მხოლოდ 5-იანი, ნუთუ არ ქონდა მნიშვნელობა ძალიან კარგად მოყვებოდი გაკვეთილს თუ ,,ისე რა“? ამ ვარსკვლავის ფონზე აღარც 4-იანი ფასობდა და აღარც 3-იანი, არადა მოსწავლეთა უმეტესობა ყოველგვარი შეფასების გარეშე რჩებოდა და ვიყავით მხოლოდ რამოდენიმე ბავშვი, ვის თვალშიც ბოლოს აზრს კარგავდა ის ვარსკვლავები, რომლებიც უკვე საკუთრად მიგვაჩნდა.
ამიტომ, როდესაც მასწავლებლობა დავიწყე,  მიზნად დავისახე, მომეფიქრებინა რამე ისეთი ეფექტური მეთოდი, რომელიც საშუალებას მომცემდა მომეხდინა მოსწავლეებში სწავლის მოტივირება ისე, რომ არ დარჩენილიყო არც ერთი ბავშვი სამართლიანი და დამსახურებული შეფასების გარეშე. ყოველ კონკრეტულ ქმედებას ვაფასებ „პლუსით“. „პლუსის“ მიღების რამდენიმე გზა არსებობს:
  1. გაცდენის არქონა 10 გაკვეთილის განმავლობაში ზედიზედ;
  2. 5-ჯერ ზედიზედ მოტანილი საშინაო დავალება;
  3. გაკვეთილებზე ჩართულობა;
  4. ყოფაქცევის „პლუსი“;
  5. შესრულებული პროექტი;

მოსწავლეები აგროვებენ „პლუსებს“, რითაც შეუძლიათ აირჩიონ ჩემს მიერ შეთავაზებული ე.წ. „სტიკერი“. გვაქვს სხვადასხვა ღირებულების მქონე „სტიკერები“, ზოგიერთი მათგანი 3 პლუსიანია, ზოგი – 5-იანი, გვაქვს 10 პლუსიანი სტიკერი და ბოლოს ე.წ. 15 პლუსიანი „გრანდიოზული“ სტიკერი. მოპოვებული სტიკერი აუცილებლად იკვრება საგნის რვეულში და უკეთდება წარწერა ჩემ მიერ, რათა არ მოხდეს მისი „ფალსიფიცირება“.
ეს, ერთი შეხედვით, ბავშვური თამაში ძალიან ეფექტურად მოქმედებს მოსწავლეებზე. დასვენებაზე ისინი აქტიურად განიხილავენ, თუ ვის რამდენი „სტიკერი“ აქვს, ვინ ჩაიკრა გრანდიოზული „სტიკერი“ და ვის რამდენი პლუსი აკლია სანატრელი შედეგის მოსაპოვებლად.  აჩვენებენ ერთმანეთს უკვე ჩაკრულ ჯილდოებს და ამაყობენ თავიანთი მიღწევებით. ამგვარად, ხდება არა მხოლოდ ფრიადოსანი მოსწავლეების შეფასება, არამედ აბსოლუტურად ყველა მოსწავლის წახალისება.
აუცილებელია, გავამახვილოთ ყურადღება მშობლისა და მასწავლებლის კოორდინირებულ მუშაობაზე. თუ მშობელი თავის შვილს შეაქებს მიღწეული წარმატებისთვის, შეაგულიანებს და დაუსახავს მიზნად უფრო დიდი სტიკერის მოპოვებას, ბავშვი გაორმაგებული ძალითა და ენერგიით შეეცდება სწავლასა და დამსახურებული პლუსის მოპოვებას.
მოტივაციის ამაღლების განსხვავებულ მეთოდს მივმართავ ზედა კლასებში. მოსწავლეების წახალისება ხდება ე.წ. ,,ბონუს ქულით“. კარგად მოყოლილი გაკვეთილისთვის, სწორად გაცემული პასუხისთვის, გამორჩეული ყოფაქცევისთვის მოსწავლე იღებს ,,ბონუს ქულას“, რომლის გამოყენებაც შეუძლია ნებისმიერ დროს. ასე, მაგალითად, თუ მოსწავლე გაკვეთილზე დაიმსახურებს  8 ქულას და მანამდე მოპოვებული აქვს ,,ბონუს ქულა“, სურვილის შემთხვევაში ამატებს „ბონუს ქულას“ მიღებულ ნიშანს და ჟურნალში ეწერება 9-იანი. ეს მეთოდი კარგად მუშაობს ზედა კლასებში და დადებით ზეგავლენას ახდენს მოსწავლეების მოტივაციაზე.

 http://mastsavlebeli.ge

საგაკვეთილო რესურსი- ლიტერატურული თამაში ,,კარუსელი’’

„ქართული ენა მხოლოდ ერთ-ერთი სასწავლო საგანი კი არ არის, არამედ, სხვა საგნებისგან განსხვავებით, სწავლების ენაა, ყველა დანარჩენი საგნის შესწავლის საშუალებაა“ (ე.ს.გ., ზოგადი ნაწ.,). ამიტომ ქართულის სწავლებამ მოსწავლეს მხოლოდ კონკრეტული ცოდნა კი არ უნდა მისცეს, არამედ ხელი უნდა შეუწყოს პიროვნების მიერ ცხოვრებისეული, სოციალური თუ სხვა სირთულეების დამოუკიდებლად დაძლევის პროცესს.
მაგრამ რაოდენ ძნელია, ყოველგვარ მასალას, მით უფრო – ლიტმცოდნეობის საკითხებს, „მოარგო“ ეს „დებულება“. მოსწავლეს უნდა მიაწოდო ინფორმაცია, თვალსაჩინოების გამოყენებით აუხსნა მასალა, მაგრამ მერე? საჭიროა ცოდნის განმტკიცება-გამოყენება. ამისთვის მოსწავლეს უნდა დავუსახოთ კონკრეტული მიზანი, მივცეთ დავალება, რომლის შესრულებაც შესაძლებელია და რომელიც შედეგზე გაგვიყვანს. არადა, ხშირად სწორედ დავალება აღმოჩნდება ხოლმე უინტერესო ან დამღლელი: „მოიძიე“, „ამოწერე“, „დააჯგუფე“, – გამუდმებით ესმით მოზარდებს, რაც, ალბათ, მოსაწყენია.
მოსწავლეებს ყოველთვის ვერ შევთავაზებთ  საინტერესო პროექტს (ეს ხომ ბევრ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს), მაგრამ შეგვიძლია, მივცეთ სახალისო დავალება, რომელიც საინტერესოც იქნება და ცოტა დამაინტრიგებელიც; მიზანი – ნათელი; შედეგი – მისაღები, მაგრამ არაპროგნოზირებადი. ეს გახლავთ ლიტერატურული თამაში.
მოსწავლეებზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ თუმცაღა ისინი დაწყებითი საფეხურიდანვე სწავლობენ ლიტმცოდნეობის ცნებებსა თუ საკითხებს (მაგ., ტროპის სახეებს), საბაზო და საშუალო საფეხურებზეც კი უჭირთ მათი გარჩევა, მოგვიანებით კი – მხატვრული ანალიზის დაწერა. არცთუ იშვიათია შემთხვევა, როცა მოსწავლე თეორიულად აყალიბებს „წესებს“, მაგრამ პრაქტიკული მუშაობისას ერთმანეთში ერევა, მაგალითად, შედარება და მეტაფორა.
დღესდღეობით მასწავლებლის წინაშე ბევრი ამოცანა დგას. შეიცვალა დრო და შეიცვალა მოთხოვნებიც მოსწავლეების მხრივ. მათ მეტი თვალსაჩინოება, მეტი ინტერაქტივი სჭირდებათ. ისინი ძველებურად პასიურად ვეღარ იღებენ მშრალად მიწოდებულ ინფორმაციას.
დაწყებით საფეხურზე ამ თამაშს ხშირად ვიყენებდი (მარტივი ფორმით), შემდეგ საბაზო-საშუალო საფეხურზე ვცადე „ლიტსახელოსნოს“ (ასე ვეძახით სტანდარზედა საგანს – ლიტმცოდნეობას) ბავშვებთან, მერე და მერე გამოყენების არეალი კიდევ უფრო გავაფართოე – მეშვიდე-მერვეკლასელებთან, ჩვეულებრივ სასწავლო პროცესში, და გაამართლა.
ვფიქრობ, ქართულის გაკვეთილზე ეს თამაში ძალზე მოხერხებული და შედეგიანია. ის ეფექტია იმით, რომ მასალის ათვისება-განმტკიცებასთან ერთად უნარ-ჩვევების გამომუშავებასაც უწყობს ხელს, სააზროვნო უნარებთან ერთად ავითარებს კონცენტრირების, მობილიზების, განწყობის შექმნისა და გამოხატვის ან, პირიქით, მისი დაძლევისა და ყურადღების სხვა რამეზე გადატანის უნარს.
თამაში მრავალფეროვნებით გამოირჩევა. შეგიძლიათ, დაისახოთ სხვადასხვა სასწავლო მიზანი (შესასწავლი თუ შესწავლილი მასალიდან გამომდინარე) და მრავალგვარი ინტერპრეტაციით ათამაშოთ ნებისმიერი ასაკის ბავშვები. აქტივობა მეტად სახალისოა და მოსწავლეთა ინტერესს იწვევს, მათ მოტივაციას ზრდის. ამაში თავად დარწმუნდებით.
როგორ ვითამაშოთ?
ერთი მოსწავლე ფურცელზე წერს ფრაზას და გადააწოდებს მეორეს. მეორე ცდილობს, ლოგიკურად გაარძელოს აზრი, განავითაროს მოქმედება თუ სრულყოს დაწყებული აღწერა – წერს მომდევნო წინადადებას და ფურცელს მესამეს გადასცემს და ასე შემდეგ. ფურცელი წრეზე ტრიალებს (თუ კლასი მრავალრიცხოვანია, შესაძლოა, მოსწავლეს მხოლოდ 2-ჯერ მოუწიოს წინადადების დაწერა, ანუ ფურცელმა მხოლოდ ორი წრე გააკეთოს. თუ ბავშვების რაოდენობა მცირეა, მაგ., 5-10 (ან თუ გუნდურ სამუშაოდ აქცევთ ამ თამაშს), შეგვიძლია, განსაზღვრული დრო გამოვყოთ და დროის ამოწურვამდე რამდენსაც მოასწრებენ, იმდენი წინადადება მიამატონ (ან წინასწარ განვუსაზღვროთ, რამდენი უნდა დაწეროს თითოეულმა). მოსწავლეები აუცილებლად გააფრთხილეთ, რომ დრო იწურება და შეეცადონ, ლოგიკური დასასრულისკენ წაიყვანონ ტექსტი.
დავალება რომ უფრო სახალისო და საინტერესო გახდეს (თუ ბავშვების მოუთმენლობას გავითვალისწინებთ), შეგვიძლია, მივცეთ არა ერთი ტექსტი, არამედ, რამდენიმე; თითოეულმა მოსწავლემ დაწეროს ფურცელზე პირველი წინადადება და ყველამ ერთად გადააწოდოს ერთმანეთს საათის ისრის მიმართულებით.
თამაში, როგორც მოგახსენეთ, ლავირების საშუალებას იძლევა და ნებისმიერ პედაგოგს შეუძლია, მოარგოს იგი საკუთარ ინტერესებსა და მიზნებს.
შესაძლებელია:
  • პირველი წინადადება ჩვენ შევთავაზოთ (თუ კონკრეტული თემა გვაინტერესებს);
  • შევუქმნათ განწყობა;
  • მოვასმენინოთ მუსიკა ან ვაჩვენოთ ნახატი, რომლის შთაბეჭდილებაც გახდება ტექსტის შთამაგონებელი;
  • გავამარტივოთ თამაში – თითოეულ მოსწავლეს დავაწერინოთ არა 1 წინადადება, არამედ 1 აბზაცი (2-3 წინადადება), განსაკუთრებით – თუ პირველად ვთამაშობთ ან უმცროსკლასელებთან ვატარებთ ამ აქტივობას.
  • გავართულოთ თამაში – დავასახელოთ თემა და მოსწავლეებს ავუხსნათ, რომ ისე უნდა დაწერონ საკუთარი „წინადადება“, ერთმანეთის ნაწერი არ ნახონ, არ იცოდნენ, რა დაწერა თამაშის სხვა მონაწილემ (ამ დროს ფურცელს გადაკეცავენ და ისე აწვდიან ერთმანეთს ან ვურიგებთ პატარა ბარათებს, რომლებსაც ვკრებთ, რიგის მიხედვით ვკინძავთ და ისე ვკითხულობთ.
როგორც უკვე აღვნიშნე, მე ამ თამაშს მხატვრული ხერხების შესწავლისას მივმართავ. უპირველეს ყოვლისა, მოსწავლეებს ვაძლევ მარტივ ინსტრუქციას: შექმნან შედარებები ან მეტაფორები ან გამოიყენონ ეპითეტები და ა.შ. თუმცა თამაშის გამოყენება შეიძლება სხვადასხვა თემისა თუ საკითხის შესწავლა-განმტკიცებისთვის. უბრალოდ, თამაშის წესებში ვამატებთ, რომ:
  • წერონ მარტივი, შერწყმული ან რთული წინადადებებით (იმისდა მიხედვით, რა საკითხის განსამტკიცებლადაც გვჭირდება);
  • გამოიყენონ შესწავლილი უცხო სიტყვები;
  • განავითარონ სიუჟეტი;
  • შექმნან ჩანახატი, ესკიზი, პეიზაჟი, პორტრეტი, დიალოგი და ა.შ.
ამრიგად, ეს დავალება ხელს უწყობს მოსწავლეს, გაითავისოს მასალა, მიღებული ცოდნა პრაქტიკულად გამოიყენოს. ამ დროს, ლოგიკურ აზროვნებასთან ერთად, აქტიურდება მისი შემოქმედებითი უნარები. გარდა ამისა, მოზარდს უჩნდება საკუთარი თავის რწმენა.
თამაში ინდივიდუალურ მუშაობას მოითხოვს და, მიუხედავად ამისა, ბავშვს გუნდის წევრად აგრძნობინებს თავს, რასაც, ბუნებრივია, თავისი დატვირთვა აქვს. მასწავლებლის სტანდარტის თანახმად, პედაგოგი სწორედ ამ უნარებს უნდა უვითარებდეს და უაქტიურებდეს მოსწავლეებს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის გახლავთ, რომ აქ არავინ არაფერს იწუნებს და არავინ არავის სთხოვს პასუხს იმის გამო, რომ რაღაც ვერ გააკეთა ან ტექსტი შეუსაბამო გამოვიდა. პირიქით, ასეთი „შეცდომები“უფრო სახალისოს ხდის თამაშს. აქ კიდევ ერთი მომენტია მნიშვნელოვანი – ხშირად, შეცდომებზე უკეთ ვხედავთ და ვსწავლობთ; გააჩნია, ეს შეცდომები როგორ გამოააშკარავეს. თამაშში კი, როგორც აღვნიშნეთ, არც სახელი მიეთითება და არც ის, ვინ რა თქვა, თუმცა თავად მოსწავლე მიხვდება, მის მიერ დაწერილი ფრაზები სწორი და მაღალმხატვრული გამოვიდა თუ არა.
თამაში შედეგიანია ზემოაღნიშნული საკითხების სწავლებისას, ვინაიდან მოსწავლე უფრო კრეატიულად იწყებს ფიქრს და, რაც მთავარია, იყენებს ცოდნას, რაც, ერთი მხრივ, ამ ცოდნის განმტკიცებაში ეხმარება, მეორე მხრივ, მის საჭიროებაში არწმუნებს და ამგვარად ამაღლებს მოტივაციას, დაბოლოს, ასტიმულირებს ბავშვის შემოქმედებით უნარებს. ამასთან, ეს იმდენად სახალისოა (ბავშვებს ისეთი ინტერესი უჩნდებათ, რა გამოვა ბოლოს, მით უმეტეს, როცა ერთმანეთის ნაწერს არ კითხულობენ), ვერც კი აცნობიერებენ, რომ ეს ჩვეულებრივი დავალებაა, ჩვეულებრივი სასწავლო პროცესი.
„სწავლა თამაშით“ და „სწავლა კეთებით“ – კეთება ცოდნისთვის და ცოდნა კეთებისთვის – ეს წრიული პროცესია.

 http://mastsavlebeli.ge

როგორ შევარჩიოთ დამრიგებლის მუშაობის მეთოდი

დამრიგებლო საათის მომზადების დროს ერთერთი უმთავრესი კითხვა, რომელზედაც დამრიგებელი პასუხს საჭიროებს – არის: როგორ ავარჩიო ჩემი საუბრებისთვის ყველაზე უფრო შესაფერისი მეთოდი?
დღესდღეისობით სწავლების უამრავი სხვადასხვა მეთოდია ცნობილი. ყველა დამრიგებელმა უნდა შეარჩიოს სწავლების სათანადო სტრატეგია და მეთოდიკა, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეების მიერ სხვადასხვა საკითხების ოპტიმალურ ათვისებას და გაშინაგნებას. თანაც, სადამრიგებლო საათი განსაკუთრებული დროა მოსწავლეთათვის, ის განსხვავდება დანარჩენი სასწავლო პროცესისაგან. აქ მოსწავლეები ღებულობენ ახალ შთაბეჭდილებებს, სოციალურ გამოცდილებას და მეტად გახსნილად საუბრობენ საკუთარ განცდებსა და ინტერესებზე.
პედაგოგიური მიდგომების არსებულ სიმრავლეში გარკვევისათვის გთავაზობთ შემდეგ რეკომენდაციას:
სწავლების მეთოდის შერჩევისათვის, პირველ რიგში, მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული სწავლისშედეგები: რა უნდა გაიგოს და რისი გაკეთება უნდა შეძლოს მოსწავლემ მოცემული საუბრების დასრულების შემდეგ? სწავლის შედეგებით განისაზღვრება როგორც სადამრიგებლო საათის შინაარსი, ასევე სწავლების მეთოდიკაც.
მუშაობის შედეგების ჩამოყალიბების დროს გაითვალისწინეთ მოსწავლის ასაკობრივი თავისებურებები (შესაძლებლობები, ინტერესები, სენზიტიური პერიოდები).
მოსწავლემ სადამრიგებლო საათის ფარგლებში არამხოლოდ გარკვეული ცოდნა უნდა შეიძინოს, არამედ განივითაროს ღირსეული მოქალაქისთვის დამახასიათებელი უნარ_ჩვევები.
დამრიგებლის მუშაობის მეთოდები
სადამრიგებლო საათის პროგრამაში გამოყენებულია სწავლის შემდეგი მეთოდები: დისკუსია, გონებრივი იერიში, როლური თამაშები, დიდაქტიკური ზღაპრების განხილვა, ექსკურსია.
დისკუსია
დისკუსია წარმოადგენს სწავლების მეთოდს, როდესაც მასწავლებლის / დამრიგებლის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს სხვადასხვა წინადადების, მოსაზრების, პრობლემების გადაჭრის ხერხების ჯგუფური განხილვა.დისკუსია ნიშნავს საწინააღმდეგო პოზიციების პოლემიკას, სხვადასხვა აზრის ზეპირ (იშვიათად წერით)გამოხატვას.
დისკუსია მიმდინარეობს მასწავლებელს / დამრიგებელსა და მოსწავლეებს ან უფრო იშვიათად დაწყებით კლასებში, მოსწავლეთა ორ ჯგუფს შორის.
დისკუსიის წარმატებული წარმართვისათვის მასწავლებელმა / დამრიგებელმა სწორად უნდა შეარჩიოს სადისკუსიო თემა და ეფექტურად გაუძღვეს დისკუსიას
 http://mastsavlebeli.ge

მშობლებთან კომუნიკაციის სტრატეგიები

”მასწავლებელმა იცის, როგორ გამოიყენოს კომუნიკაციის სხვადასხვა ხერხი კოლეგებთან, მშობლებთან და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სხვა პირებთან კეთილგანწყობილი ურთიერთობებისთვის”
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი, 2008 წ.
წარმატებული სასწავლო პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მშობელსა და სკოლას შორის დამყარებული კეთილგანწყობაა. იმისთვის, რომ მასწავლებელსა და მშობელს შორის ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული კომუნიკაცია შედგეს, პირველი გადამწყვეტი ნაბიჯი პედაგოგმა უნდა გადადგას. ამ შემთხვევაში, მისი როლი შეუცვლელია. მასწავლებელი ის შუალედური რგოლია, რომელიც სკოლას და ოჯახს ერთმანეთთან აკავშირებს. მას შეუძლია, კომუნიკაციის სხვადასხვა ხერხის გამოყენებით, მშობელი სასწავლო პროცესში ჩართოს და თავის მოკავშირედ აქციოს. მათ ერთი მიზანი აქვთ _ ბავშვის წარმატება და მისი ნიჭის მაქსიმალურად გამოვლენის ხელშეწყობა..
მშობლის აქტიურობა თქვენს სამუშაოსაც საგრძნობლად შეამსუბუქებს. აუხსენით მას, რას გეგმავთ წლის ან სემესტრის განმავლობაში, რა ცოდნას მიიღებს მოსწავლე, რა შედეგს უნდა მიაღწიოს მან სასწავლო წლის ბოლოს. მართალია, მშობელთან მუშაობა თქვენგან დამატებით დროს, ენერგიასა და მოთმინებას მოითხოვს, მაგრამ ამ შრომის გაწევა იმისთვის ღირს, რომ ერთგვარი მოკავშირე გყავდეთ, რომელიც ბავშვს პროგრამის დაძლევისას წარმოქმნილი სირთულეების გადალახვაში დაეხმარება.
მშობელთან ურთიერთობისთვის კომუნიკაციის სხვადასხვა ხერხის გამოყენება შეიძლება: წერილობითი ფორმით დაწყებული და ელექტრონული ფოსტით დასრულებული _ გააჩნია, ვისთვის რა უფრო მოსახერხებელიამშობელი სისტემატურად უნდა იყოს ინფორმირებული არა მხოლოდ მოსწავლის უარყოფითი ქცევის ან დაბალი აკადემიური მოსწრების, არამედ მისი მიღწევების შესახებაც. პედაგოგი ამ ინფორმაციას წერილობითი ფორმით მიაწვდის მშობელს, ტელეფონით აცნობებს თუ მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაუგზავნის, ეს თავად მისი გადასაწყვეტია. მშობელთან მიმოწერა ყველაზე მოსახერხებებლი საკომუნიკაციო საშუალებაა. თქვენი წერილი ერთგვარი სავიზიტო ბარათია და ასეთი მიმოწერის წყალობით შეიძლება თქვენსა და მშობელს შორის წარმატებული თანამშრომლობა შედგეს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმასაც, თუ როგორ იქნება იგი შედგენილი, რამდენად საინტერესო ინფორმაციის შემცველი აღმოჩნდება. სასურველია, წერილი დადებითად იწყებოდეს. ყველა ადამიანს და მით უმეტეს, ყველა ბავშვს დადებითი მხარე აქვს, რომელსაც თქვენ, როგორც პედაგოგი, სხვებზე უკეთ ამჩნევთ. წარმოაჩინეთ მოზარდის ეს მხარე და ხაზი გაუსვით მის ინდივიდუალობას. შვილის შექება მშობლისთვის გაკეთებული საუკეთესო კომპლიმენტია. დადებითი ტონით დაწყებული წერილი იმის გარანტიას იძლევა, რომ მშობელი მას ბოლომდე წაიკითხავს, გიპასუხებთ და თქვენს მიმართ კეთილად განეწყობა. შეეცადეთ, გამოიწვიოთ იგი, რათა წერილობითვე გიპასუხოთ. სასურველია, მას შეკითხვები დაუსვათ და მიღებულ ინფორმაციაზე კომენტარიც სთხოვოთ. ეს იმ კომუნიკაციის დასაწყისი იქნება, რომლის წარმატებაც თქვენს პროფესიონალიზმზე დამოკიდებული აღმოჩნდება.
წესი, რომელიც დაგეხმარებათ მშობლისთვის განკუთვნილი წერილის პროფესიონალურად ფორმულირებაში:
1. წერილის დასაწყისში მიმართეთ მშობელს პერსონალურად “ქალბატონო…/ბატონო..” თუ მშობელს ახლოს იცნობთ და ასეთი მიმართვა მასში უხერხულობას გამოიწვევს, შეგიძლიათ არაოფიცილური მიმართვაც შეარჩიოთ, მთავარია, მიმართვა პირადად მშობელზე იყოს გათვლილი
2. თქვენი წერილი აუცილებლად უნდა იყოს სტრუქტურიზებული და მშობლისთვის გასაგებად დაწერილი. თუ წერილს ხელით წერთ, თქვენი ხელწერა მშობლისათვის ადვილად წასაკითხი უნდა იყოს.
3. წერილის სიდიდე შეზღუდეთ და ეცადეთ, არ აღემატებოდეს ერთ გვერდს.
მიმოწერის გარდა, დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელთან პირისპირ საუბარსაც. იმისათვის, რომ დროის უმიზნოდ ხარჯვა და ზედმეტი სტრესი თავიდან აიცილოთ, მას წინასწარ აცნობეთ, როდის არის შესაძლებელი თქვენთან შეხვედრა და საუბარი. ეს სტრატეგია საშუალებას მოგცემთ, მომზადებული შეხვდეთ მშობელს და რაციონალურად განკარგოთ დრო. მშობელთან საუბრისას იმავე ხერხის გამოყენებაა რეკომენდებული, რაც მიმოწერისას: თქვენი საუბარი მოსწავლის დადებითი მხარეების წარმოჩნით უნდა იწყებოდეს, რასაც შეიძლება სხვადასხვა სახისპრობლემების განხილვა მოჰყვეს. მშობელთან ურთიერთობის დროს “თანასწორობის პრინციპი” გამოიყენეთ _ არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რა განათლების, სოციალური ფენის, ეროვნების ადამიანია თქვენს წინაშე. მშობლის პატივისცემასა და ნდობას აუცილებლად დაიმსახურებთ, თუ მასთან საუბარს თავაზიანი ფორმით წარმართავთ დაის თქვენში კეთილმოსურნე პედაგოგს დაინახავს, რომელსაც მისი შვილისთვის მხოლოდ სიკეთე უნდა. მიეცით მშობელს საკუთარი პოზიციის გამოხატვის საშუალება. ამ დროს შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ მოსწავლის ოჯახური გარემოს შესახებ, რაც აუცილებლად დაგეხმარებათ მასთან ინდივიდუალური მუშაობის დროს.
ხშირად მშობელი მოულოდნელად, წინასწარი გაფრთხილების გარეშე მოდის სკოლაში და შვილის შესახებ ინფორმაციას ითხოვს. ასეთი სპონტანური ვიზიტი თქვენთვის ძალიან მოუხერხებელია. ამიტომ სასურველია, სასწავლო წლის დასაწყისშივე აუხსნათ მშობლებს, რომ გსურთ, მომზადებული და მობილიზებული შეხვდეთ მათ მშვიდ გარემოში, მიაწოდოთ ინფორმაცია და საჭიროების შემთხვევაში, რჩევებიც. სკოლაში მშობლის მოულოდნელი ვიზიტი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა იყოს დასაშვები.
მშობელთან კომუნიკაციის კიდევ ერთი მოსახერხებელი ფორმა სატელეფონო საუბარია. თუმცა მან მიმოწერის ადგილი არ უნდა დაიკავოს: სიტყვიერად ნათქვამი მალე გვავიწყდება, ფურცელზე დაწერილი კი რჩება და დავიწყების ან ინფორმაციის დაზუსტების შემთხვევაში, მისი გადაკითხვა შეიძლება. სატელეფონო საუბარს განსაკუთრებით მაშინ მიმართავენ, როდესაც მშობელი წერილობით შეტყობინებას არ პასუხობს, ან გარკვეული გარემოების გამო სკოლაში მისი სასწრაფოდ მოსვლაა საჭირო და ა.შ.
მშობელთან კომუნიკაციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა მშობელთა კრება გახლავთ. ამ დროს საუკეთესო საშუალება გეძლევათ, შეხვდეთ მშობლებს, მათთან დისკუსია გამართოთ, საჭირო ინფორმაცია მიაწოდოთ და თავადაც მიიღოთ იგი.სრულყოფილი კომუნიკაციისთვის აუცილებელია, რომ თითოეული მშობლის სახელი იცოდეთ. მშობელთა კრებაზე მოერიდეთ რომელიმე მოსწავლის გადამეტებულ ქებას ან პირიქით, საყვედურების თქმას ვინმეს მისამართით. მიეცით მშობლებს იმის საშუალება, რომ თქვენში მიუკერძოებელი პედაგოგი დაინახონ, რომელსაც ყველა მოსწავლე ერთანირად უყვარს და თითოეულის წარმატება თანაბრად სურს. ამით მათ პატივისცემას სამართლიანად დაიმსახურებთ.
მშობელთა უმრავლესობა არ არის აქტიურად ჩართული არა მხოლოდ სასწავლო პროცესში, არამედ სასკოლო ცხოვრებაშიც. როგორც წესი, ისინი ფიქრობენ, რომ სკოლასთან ინტენსიური თანამშრომლობით ბევრს ვერაფერს შეცვლიან. თუმცა როგორც კი მშობლებს საშუალება ეძლევათ, ამ პროცესში უშუალოდ ჩაერთონ, მათი უიმედო დამოკიდებულება ქრება და ისინი ხვდებიან, რომ აქტიურობა მართლაც მნიშვნელოვანია. კრებაზე შეგიძლიათ მშობლებს იმ ღონისძიების შესახებ შეატყობინოთ, რომლესაც უახლოეს მომავალში გეგმავთ და სთხოვოთ, რომ მოსამზადებელ სამუშაოებში შეძლებისდაგვარად ჩაერთონ. მათი ჩართულობა მოსწავლეთა მოტივაციას საგრძნობლად აამაღლებს, თქვენ კი სამუშაოს შეგიმსუბუქებთ.
მშობელთა კრებისთვის ყველა პედაგოგი ინდივიდუალურ დღის წესრიგს ამზადებს და მშობლებთან სხვადასხვა საკითხის განხილვას აპირებს. მიეცით მათ იმის საშუალება, რომ დისკუსიაში აქტიურად ჩაერთონ. დისკუსიის მიზანი აუცილებლად კონსენსუსის მიღწევა ან საკუთარი სიმართლის მტკიცება კი არ არის, არამედ ჭეშმარიტების ერთობლივად ძიება. ამ დროს თქვენი, როგორც მოდერატორის, როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
6 რჩევა დისკუსიის წარმატებით გასაძღოლად:
1. იყავით ნეიტრალური, არ დაიცვათ ვინმეს პოზიცია ცალსახად;
2. ყველა მშობელს მიეცით საშუალება, საუბარში ჩაებას;
3. დააწესეთ რეგლამენტი;
4. არ გადაუხვიოთ თემას;
5. მშობლებს აგრძნობინეთ, რომ მათი აზრი თქვენთვის მნიშვნელოვანია;
6. შეჯამეთ დისკუსიის შედეგები და დაასრულეთ დადებითი განწყობით.
და ბოლოს, მშობელთა კრების დასასრულს სთხოვეთ მშობლებს, რომ წერილობით მოგაწოდონ საკუთარი შთაბეჭდილებები სამუშაო შეხვედრის შესახებ. შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ მარტივი კითხვარი, ან ცარიელი ფურცლები ჩამოარიგოთ, რათა მშობლებმა კრიტიკული შენიშვნები თუ საქებარი სიტყვები ამ ფორმით მოგაწოდონ. თუ კითხვარის მომზადებას გადაწვეტთ (მათ თვალში ეს თქვენს კომპეტენციას უფრო აამაღლებს), სასურველია, იგი მსგავსი ტიპის კითხვებს შეიცავდეს: რა მოეწონათ და რა არ მოეწონათ კრებაზე, რის გაუმჯობესებას ისურვებდნენ, რა რეკომენდაციების შემოთავაზება შეუძლიათ და ა.შ. გამოკითხვა აუცილებლად ანონიმური უნდა იყოს. მათი პასუხები დაგეხმარებათ, რომ მომდევნო შეხვედრა უფრო წარმატებული და ორივე მხარისათვის საინტერესო იყოს.
მშობლებთან კეთილგანწყობილი კომუნიკაციის შესახებ იხილეთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ გამოცემული სახელმძღვანელო “სასწავლო და პროფესიული გარემო” გვ. 129-137
 http://mastsavlebeli.ge